საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა კანადის ხაზინის საბჭოს პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-16

 

საქართველო-კანადას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები იყო მთავრობის მეთაურისა და კანადის ხაზინის საბჭოს პრეზიდენტის, სკოტ ბრისონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი.

გამოითქვა მზაობა, სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის არსებული პოტენციალი სრულად იქნას ათვისებული. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე; აგრეთვე, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული ურთიერთობებისთვის ახალი დინამიკის შეძენის მნიშვნელობაზე, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაღრმავების ნაწილში.

როგორც სკოტ ბრისონმა აღნიშნა, საქართველო კანადისთვის რეგიონში უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და ძლიერი დასაყრდენია. მანვე დადებითად შეაფასა ქვეყნის ხელისუფლების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე, მაღალი შეფასება მისცა საქართველოს წარმატებებს „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) ფარგლებში.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და კანადას შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების შესაძლებლობას - ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მიზნით და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის კანადის ბიზნეს-წრეებისა და ინვესტორებისთვის გაცნობას.

ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის მნიშვნელობა. ითქვა, რომ კანადა მხარს უჭერს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პოლიტიკას.

აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე როგორც ადამიანის უფლებების, ისე ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას და დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიმართულებით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და კანადის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კრისტოფერ კუტერი ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური