საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - სსიპ-ებთან აიპ-ებთან დაკავშირებულ პოლიტიკასა და მიდგომებში ფუნდამენტურ ცვლილებებს ვაპირებთ

2018-07-11

ჩვენ, სსიპ-ებთან აიპ-ებთან დაკავშირებით, ზოგადად, პოლიტიკასა და მიდგომებში ფუნდამენტურ ცვლილებებს ვაპირებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რელიგიის სააგენტოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შერწყმის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ გაცხადებულ ცვლილებებს აქვს მხარდაჭერა და ეს ასეც მოხდება, თუმცა არსებობს გარკვეული პროცედურული საკითხები.

„ჩვენ სსიპ-ებთან და აიპ-ებთან დაკავშირებით ზოგადად ვაპირებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს პოლიტიკაში და მიდგომებში. ვფიქრობთ, ამ კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსია იმისთვის, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გაწეული ხარჯებიდან მივიღოთ გაცილებით უკეთესი ეფექტი და უფრო ეფექტური ბიუროკრატია. ამ მიმართულებით, ბუნებრივია, ნაბიჯები გადაიდგმება და ეს არ ეხება მხოლოდ რელიგიის სააგენტოს, ვსაუბრობ ზოგადად სსიპ-ებსა და აიპ-ებზე. შესაძლოა, გაუქმდეს, გაერთიანდეს, განვახორციელოთ ოპტიმიზაციები და მივიღოთ ის ეფექტი, რაც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური