საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ და ნატოს სამიტისგან საკმაოდ მნიშვნელოვანი მოლოდინები გვაქვს

2018-07-11

საკმაოდ მნიშვნელოვანი მოლოდინები გვაქვს ნატოს სამიტისგან; ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ ამ გზაზე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობარი ქვეყნები ამ მიმართულებით არსებულ პროგრესს ჯეროვნად შეაფასებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში მიმდინარე ნატოს სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერმა სამიტს ისტორიული მნიშვნელობის მქონე უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაში, როდესაც საქართველო ამ ფორმატებს ესწრება.

„ამავე დროს, ამ ფორმატს დაესწრება ნატოს ყველა წევრი ქვეყანა ლიდერების დონეზე. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ეს არის პირველი შემთხვევა და აღნიშვნა იმ ფაქტისა, რომ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა გადავიდა ახალ ეტაპზე. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ასევე პირველად, საქართველოს თემატიკა განიხილება ცალკე ფორმატში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა, ჩვენს ყველა მეგობარ ქვეყანას გადავუხადო მადლობა, რომ აღნიშნული ფორმატი შედგა და ის ტრადიციული გახდება. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოლოდინები ნატოს სამიტისგან. ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ ამ გზაზე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობარი ქვეყნები ჯეროვნად შეაფასებენ იმ პროგრესს, რაც ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური