საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერი - წლის ბოლომდე უწყებების ავტოპარკი შემცირდება, დაახლოებით, 1000 ავტომობილით; ასევე, შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც აქვს პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-11

---

მე წინა ბრიფინგზე განვაცხადე, რომ გარკვეულ სტრუქტურებში ის ხარჯი, რომელიც ჩვენ გვაქვს სახელმწიფო ავტოპარკის შენახვასთან დაკავშირებით არის მიუღებელი და ამ კუთხით პრინციპული ნაბიჯებია გადასადგმელი.

მთავრობის სტრუქტურის ცვლილებების ფარგლებში, წლის ბოლომდე უწყებების ავტოპარკი შემცირდება, დაახლოებით, 1000 ავტომობილით. აღნიშნული მანქანები გადაეცემა რეალიზაციისთვის ფინანსთა სამინისტროს და მათ მაგივრად მოხდება სპეციალური ავტომანქანების შეძენა პატრულისთვის, გარემოსდაცვითი ოპერაციებისთვის და მსგავსი სპეციალური საჭიროებებისთვის, რათა ჩვენმა ორგანოებმა შეძლონ უკეთესად ფუნქციონირება.

ასევე, მნიშვნელოვნად შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც აქვს პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება, დაახლოებით 500 ეგრეთ წოდებული „მიკუთვნებული" მანქანა გადაინაცვლებს სამორიგეო პარკში.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი და ჩვენ, აუცილებლად, მოვაყოლებთ სხვა ინიციატივებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ერთიანი პარკის და მისი მენეჯმენტის შექმნის იდეას. ეს უფრო მეტ ოპტიმიზაციას გააკეთებს და საშუალებას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო დავზოგოთ ხარჯები.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური