საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-06-20

პირველ რიგში მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენ წარმოვადგინეთ პროგრამა, რომლის მიხედვითაც ვაპირებთ, საქართველოში განვახორციელოთ ინტენსიური რეფორმები. ამ პროგრამის განუყოფელი ნაწილია მცირე მთავრობის კონცეფცია, შესაბამისად ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც ჩვენ საქართველოს პარლამენტში წარმოვადგენთ, იქნება მცირე მთავრობის კონცეფცია. ეს გულისხმობს სამინისტრო ერთეულების 11 სამინისტრომდე დაყვანას, რომ მე საშუალება მომეცეს უმოკლეს ვადაში, დაახლოებით 3 კვირაში წარმოვადგინო უკვე განახლებული კაბინეტი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ჩემთან ერთად იმ პროგრამის შესრულებაზე, რომელიც წარმოვადგინეთ. 

ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის ზომიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვჭირდება 11 სამინისტროზე მეტი. მიმდინარეობს კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში იხილავთ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ ინიციატივებს. რაც შეეხება საკადრო შემადგენლობას, ჩემი მხრიდან კანდიდატების დღეს დასახელება არასწორი იქნება. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის,რომ ახალ კაბინეტში აუცილებლად გვეყოლება ახალი სახეები. 

ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და გვაქვს მიღებული თანხმობები ძალიან საინტერესო კადრებისგან. საუბარია პროფესიული წრეებიდან წამოსულ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, კვალიფიკაცია და ხედვა, რომ ჩვენ ყველამ ერთად განვახორციელოთ რეფორმები, წარმატებული ტრანსფორმაცია ჩვენი ეკონომიკისა და ყველა იმ სფეროში, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. 

ჩვენ ვართ ერთიანი პოლიტიკური გუნდი და გადაწყვეტილებებს ვიღებთ ერთიანად, საკმაოდ ფართო კონსულტაციების შედეგად. ბუნებრივია, გაერთიანებები იქნება ორგანული, გათვალისწინებული იქნება ყველა სამინისტროს სპეციფიკა, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღოთ უფრო გამართული სტრუქტურები და ერთეულები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტურობას, მოქნილობას და რაც მთავარია - ოპერატიულობას. ჩვენ გვჭირდება მეტი ოპერატიულობა გადაწყვეტილების მიღებიდან  იმ მომენტამდე, როდესაც ამ გადაწყეტილების თანმდევი სიკეთე მიდის მოქალაქემდე. ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.