საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის განცხადება ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ამოსაბეჭდი ვერსია

2018-06-08

ბუნებრივია, მთავრობის დღევანდელ სხდომას ვიწყებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრით, რომელმაც საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია და დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის ყველასთვის და ასევე საზოგადოებისთვის ძალიან პრინციპული მნიშვნელობისაა. ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია ჩვენთვის იქცა სერიოზულ გამოწვევად.
ჩვენთვის ადამიანი არის მთავარი ღირებულება. ჩვენ დავკარგეთ ორი ახალგაზრდა დასამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის ჩვენშიც. სახელმწიფომ მოახდინა მყისიერი რეაგირება და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოითვალოს ისინი. 
პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რაც უპრეცედენტოა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო რუსთაველზე აქციის გამართვამდე, რათა ეს ვინმემ არ მიიწეროს და ამის შესახებ განცხადებები მაშინვე გაკეთდა. 
შემდგომში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაახლა გამოძიება დანაშაულის შესაძლო დაფარვის და ასევე მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის მიმართულებით. ამის შემდეგ დაიკითხა უამრავი ადამიანი და ვფიქრობთ, იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში და ჩვენშიც არსებობს, პასუხები უახლოეს პერიოდში გაეცემა. თუმცა, უნდა გვესმოდეს, იმისთვის, რომ დადგინდეს სრული სიმართლე, აღარ დარჩეს კითხვები და ეჭვები, საჭიროა გონივრული ვადა.

ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტი გამოიჩინა მთავარმა პროკურორმა და თანამდებობიდან მყისიერად გადადგა, რაც ვფიქრობ, რომ ასევე უპრეცედენტოა. მინდა, ჩვენს მოსახლეობას მივმართო, გააკეთონ შედარება, როდესაც ხალხი თვეობით იდგა ქუჩაში დაა სახელმწიფოს მხრიდან არ იყო აბსოლუტურად არანაირი რეაგირება და როგორ რეაგირებს საზოგადოების მოთხოვნებზე დღევანდელი ხელისუფლება. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, თვისობრივი ცვლილება მოხდა. 
ჩვენ ასევე მივესალმებით საზოგადოებრივი პლატფორმის შექმნას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ორგანიზებული ჩართულობა. ვფიქრობ, კანონი ასევე იძლევა ამის საშუალებას, რომ როგორც დაზარალებული ოჯახების წარმომადგენლები, მათი ადვოკატები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები, შესაძლოა, დაესწრონ საგამოძიებო კომისიის სხდომებს. 

ასევე უპრეცედენტოა ის, რომ საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმცირესობა წარმოდგენილია უმრავლესობით და კომისიის თავმჯდომარე უმცირესობის წარმომადგენელია. 
ასე, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი, თვისობრივი პოლიტიკური ცვლილება, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში. მინდა, ჩვენი მოქალაქეები კარგად დააკვირდნენ განსხვავებას, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოებრივ აზრსა და მოთხოვნებზე დღევანდელი სახელმწიფო. ეს ცვლილება მოიტანა რა თქმა უნდა, 2012 წელს განხორციელებულმა ძალიან მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ტრანსფორმაციამ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს იყო, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველი ხალხის გამარჯვება. დღეს ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე და დიდი იმედი მაქვს, რომ მთელი გუნდი, ერთმანეთის გვერდში დგომით, მხარში ამოდგომით, გავაკეთებთ იმას, რომ გვექნება გამართული სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სამართლიანობის გრძნობაც მთელს საზოგადოებაში გაცილებით უფრო მყარი იქნება. ამისთვის, რა თქმა უნდა, გადასადგმელია ნაბიჯები, მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტია გასაკეთებელი სასამართლო რეფორმაზეც. 
სასამართლო რეფორმაზე მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ რა თქმა უნდა, ის დღეს არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, მაგრამ დაინახონ ტენდენციები. ტენდენციების გამოკვეთა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სასამართლო რეფორმის მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგმულია და მნიშვნელოვანია, აღქმები საზოგადოებაში იყოს ისეთი, რომ ნდობა არსებობდეს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ. სახელმწიფომ ამისთვის უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ეს აუცილებლად სათქმელია. 
რა თქმა უნდა, სასამართლოს რეფორმა არის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება, რომელზეც გაცილებით მეტი აქცენტის გაკეთება მოგვიწევს. 

არ მინდა ბევრი საუბარი იმაზე, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფებმა, სამწუხაროდ, როგორ გამოიყენეს ეს სიტუაცია და აბსოლუტურად არამართლზომიერ, ვითარებისადმი არაადეკვატურ მოთხოვნებს აყენებდნენ და აყენებენ. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. ამ საზოგადოებას უცხოვრია იმ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო აბსოლუტურად არ უსმენდა ხალხის ხმას, სადაც თვეების განმავლობაში ქუჩაში დგომის მიუხედავად, რეაგირება ნულის ტოლი იყო. დღეს ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, სადაცა ხელისუფლებას ადარდებს ხალხის აზრი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც შეცდომებიც აქვს და უშეცდომო არავინ არის, მაგრამ ამ შეცდომებზე ხდება ადეკვატური რეაგირება, საპასუხო პოლიტიკური ქმედებების დაგეგმვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ტენდენცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ტენდენცია ჩვენს ქვეყანაში არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური