საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წევრების გაფართოებული შეხვედრა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-30

2

ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს გიორგი კვირიკაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც, საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრების მონაწილეობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ტრადიციულ, კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე და სამომავლოდ, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისა და გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრისას, აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი აქვს, მათ შორის, პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლების და ჰუმანიტარულ-კულტურული მიმართულებებით და გამოითქვა მზადყოფნა, არსებული ურთიერთობებისთვის ახალი დინამიკის შეძენაზე.

გადაწყდა, რომ განახლდება საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა უახლოეს მომავალში ჩაინიშნება.

აგრეთვე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას და რეგიონში არსებულ ვითარებას.

გიორგი კვირიკაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა დელეგაციების წევრებს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღები მიულოცეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური