საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

კონგრესმენი როისი - საქართველო ძალიან მაღალ დონეზე დგას ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის დღის წესრიგში ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-23

საქართველო ძალიან მაღალ დონეზე დგას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოველდღიური საქმიანობის დღის წესრიგში, - ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ ედ როისმა და თანათავმჯდომარემ, ელიოტ ენგელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადეს.

კონგრესმენმა როისმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ჰქონდეს მისი, როგორც მოკავშირის იმედი.

საუბარი შეეხო ნატოს მომავალ სამიტს და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის დაფიქსირების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს მხარდამჭერი არაერთი განცხადება გაკეთდა დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოსმენა გაიმართა. მაიკ პომპეომ კომიტეტში, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა - "მსურს,მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოსთან მიმართებით ვმუშაობთ ნატოში გაწევრიანებაზე".

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კონგრესმენების შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობა შეიძლება ქმნიდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის ვაჭრობისა და ეკონომიკის დარგში კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის კუთხით.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური