საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებები ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:
გმადლობთ, ბატონო მდივანო პომპეო, ძალიან თბილი სიტყვებისთვის. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომის ჩატარების თაობაზე. ნება მომეცით, მოგილოცოთ ამ თანამდებობაზე დანიშვნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენი მიზანდასახულობა და ენთუზიაზმი კიდევ უფრო განამტკიცებს მსოფლიოში აშშ-ის მტკიცე ლიდერობას და კიდევ უფრო გააღრმავებს აშშ-ს და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას.
რამდენიმე დღეში ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავს. ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ, რათა გავმხდარიყავით ამერიკის შეერთებული შტატების ღირსეული პარტნიორი და ძლიერი მოკავშირე. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით პარტნიორობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
მომავალში ჩვენ ვხედავთ ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების დიდ პოტენციალს ორივე ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით და დღევანდელი სესია იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას, არა მხოლოდ განვიხილოთ მიღწეული პროგრესი, არამედ დავსახოთ ჩვენი კავშირების გაღრმავების პრიორიტეტები.
აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერის წყალობით საქართველოში განხორციელდა დემოკრატიის კონსოლიდაცია, გაძლიერდა სახელისუფლებო ინსტიტუტები და შეიქმნა მეტი შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ მსოფლიოს ლიდერი რეფორმატორი ქვეყნების სიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეუძლია, იამაყოს ამ წარმატებაში შეტანილი წვლილით.
საქართველო დიდად აფასებს აშშ-ის მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ და უპირობო მხარდაჭერას. აშშ-ის მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და რეგიონში სტაბილურობისთვის.
ჩვენს სახელმწიფოებს აქვთ მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საერთო მიზნები. ჩვენ ერთად, მხარდამხარ ვაგრძელებთ ბრძოლას ტერორიზმის წინააღდეგ ავღანეთში, სადაც ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა.
თავდაცვის სფეროში ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა დიდ დახმარებას უწევს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური გენერალი სკაპაროტი იმყოფებოდა საქართველოში და გახსნა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის ისტორიული პროგრამა და ტრენინგის ინიციატივა, რაც წარმოადგენს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობაში ახალი ეპოქის დაწყებას, რომელსაც წვლილი შეაქვს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებაში და, შესაბამისად, ზოგადად ევროპაში უსაფრთხოების, სტაბილურობის საქმეში.
ამ ეტაპზე ჩვენ უკვე მზად ვართ, მივაღწიოთ კიდევ უფრო შთამბეჭდავ პროგრესს უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაში.
ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ნატოსთან ურთიერთქმედების განმტკიცების მხრივ. ჩვენი სტატისტიკა უკვე აღემატება მთლიანი შიდა პროდუქტიდან თავდაცვის ბიუჯეტზე გამოყოფილი სახსრების ნატოს სტანდარტს - 2 პროცენტს, სამხედრო ტექნიკაზე გამოყოფილი 20 პროცენტის ჩათვლით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, შევიძინოთ აშშ-ის სამხედრო თავდაცვითი აღჭურვილობა.
აშშ-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. წელს, ბრიუსელის ნატოს სამიტის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ მოველით, რომ სათანადოდ აისახება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პროგრესი ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს გაწევრიანება ნატოში კიდევ უფრო განამტკიცებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, მდივანო პომპეო, საქართველოს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით გამოთქმული თქვენი მხარდამჭერი სიტყვებისთვის.
ეკონომიკური ტრანსფორმაცია და განათლება ასევე ის სფეროებია, რომლებშიც ჩვენ გვაქვს აშშ-ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. აშშ-ის დახმარებით, საქართველო იქცა მსოფლიოში ინვესტირებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნად. დღეს, როდესაც ჩვენ გადავდივართ ჩვენი ურთიერთობების ახალ ეტაპზე, ჩვენ ვხედავთ ორმხრივი კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვან პოტენციალს.
აშშ-ის კერძო ინვესტიციები ისეთ პროექტებში, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, კიდევ უფრო განამტკიცებს ამერიკის სტრატეგიულ ეკონომიკურ ინტერესებს რეგიონში. როგორც ევრაზიის კარიბჭე, რომელსაც აქვს უმნიშვნელოვანესი და უნიკალური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ქსელი ევროკავშირიდან ჩინეთამდე, რასაც ემატება აშშ-ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებათა ქსელი, საქართველო წარმოადგენს იდეალურ ბაზას, საიდანაც ამერიკული ბიზნესი დაიმკვიდრებს ადგილს მთლიანად რეგიონში.
საქართველო არის მსოფლიოში იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებსაც აქვთ აუცილებელი ინსტიტუტები, სტრატეგია და ბიზნესგარემო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყოვლისმომცველი და სამართლიანი სავაჭრო შეთანხმებისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, როგორც ამას „პრაისვოთერჰაუსკუპერსის" (PricewaterhouseCoopers) უახლესი კვლევა ცხადყოფს, 5 წლის განმავლობაში ამერიკული პროდუქციის ექსპორტი შეიძლება გაიზარდოს 360%-ით, რის შედეგადაც აშშ-ში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
ბატონო მდივანო, სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალი ორივე ქვეყნისთვის უდიდესია და მე იმედით შევყურებ თქვენთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით, რომლებიც შედის ამერიკელი და ქართველი ხალხის ინტერესებში.
მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას საქართველოში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო:

დილა მშვიდობისა!
დილა მშვიდობისა, პრემიერ-მინისტრო! კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება!
გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს, ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას!
ჩვენი გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება.
როგორც გასული წლის ივლისში ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა, ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ გვერდში გიდგავართ, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მეგობრობითა და სტრატეგიული პარტნიორობით ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხთან.
დღეს მაქვს პატივი, პრემიერ-მინისტრთან ერთად წარვმართო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მე-7 პლენარული სხდომა.
წლევანდელი წელი კიდევ ერთი მიზეზით არის მნიშვნელოვანი. 2018 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრიდან 10 წელი სრულდება. ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციას. რუსეთის მხრიდან ძალისმიერი მეთოდებით საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა ცალსახად არღვევს საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას და ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიის და ჰელსინკის დასკვნითი აქტის ძირეულ პრინციპებს.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში აღებული ყველა ვალდებულება - გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, უარი თქვას საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე და უზრუნველყოს ორივე რეგიონის შეუფერხებელი წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ჩვენი საერთო ინტერესების დაცვის საქმეში ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო ეყრდნობიან ძლიერ, მოქმედებისთვის მზად მყოფ და თავდაცვისუნარიან პარტნიორებს. საქართველო სწორედ ასეთი პარტნიორია, რომელმაც საქმით დაამტკიცა თავისი მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში და დაიცვას დასავლური ღირებულებები.
საქართველო არის ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში. ისინი თავდაუზოგავად ასრულებენ ამ მოვალეობას. 32-მა ქართველმა მებრძოლმა თავი შესწირა იქ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეს.
ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს საქართველოს მსხვერპლს და ჩვენ უდიდეს მადლობას მოგახსენებთ საქართველოს სიმტკიცისთვის ამ მნიშვნელოვან ერთობლივ მისიაში.
ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო განაგრძობენ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის თანამშრომლობას გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტი მებრძოლების შემოჭრის და სახიფათო ბირთვული მასალების კონტრაბანდის აღკვეთის საქმეში.
2016 და 2017 წლებში საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ევროატლანტიკური არჩევანი, მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანების ჩათვლით.
ჩვენი გადაწყვეტილება ურყევია. პრეზიდენტი ტრამპი მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას და ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში.
ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ ასპექტს, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ეროვნულ უსაფრთხოებას, დინამიკურ ეკონომიკას და დემოკრატიას.
ჩვენ ვიცით, რომ ღია საზოგადოება და ძლიერი ეკონომიკა ერთად წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოების მთავარ საფუძველს. კანონის უზენაესობას, რომელსაც ერთვის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებული ხელისუფლება და ურთიერთპატივისცემით გამსჭვალული პლურალიზმი, არსებითი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლისთვის.
დემოკრატიის შემდგომი განმტკიცებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, შექმნას შესაძლებლობები იმისთვის, რომ ისმოდეს ყველას ხმა, მათ შორის, პოლიტიკასა და მედიაში, ასევე -განამტკიცოს კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები სახელისუფლებო ინსტიტუტებში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველო განაგრძობს რეფორმების პროცესს. ქვეყნის წარმატებას ახლავს უდიდესი პასუხისმგებლობაც - უპასუხოს ქართველი ხალხის მოლოდინებს და უზრუნველყოს ეკონომიკური კეთილდღეობა და სახელისუფლებო გამჭვირვალობა.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენი ქვეყნები არიან მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები. ამერიკის შეერთებული შტატები მხარში უდგას საქართველოს უკვე 25 წლის განმავლობაში და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას, როგორც პარტნიორები, მეგობრები და ერთ დღეს, როგორც მოკავშირეებიც ნატოს ფარგლებში.
გმადლობთ!