საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-14

უშიშროების საბჭომ ნატო-ს ბრიუსელის სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და საქართველოს თავდაცვის რეფორმის მიმდინარეობა განიხილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი ყველას ინტერესია, რომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოს პროგრესი შესაბამისად იყოს აღნიშნული. კონკრეტულად, საუბარი იყო, როგორ, რა ფორმით უნდა აღინიშნოს ეს, რომ ამ გადაწყვეტილებამ მაქსიმალურად დაგვაახლოოს ნატოს წევრობასთან, რაც არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ამისთვის არსებობს რამდენიმე ვერსია და ამ ვერსიებზე გვქონდა საუბარი. ვისაუბრეთ რეგიონში უსაფრთხოების დღევანდელ სურათზე, შესაბამის საფრთხეებზე, ბუნებრივია - რუსეთის ოკუპაციაზე, ასევე, რეგიონში მიმდინარე სხვა მოვლენებზე. მოვისმინეთ შესაბამისი უწყებების ინფორმაცია და ვიმსჯელეთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ასევე, ვისაუბრეთ თავდაცვის რეფორმის მიმდინარეობაზე. მინისტრმა წარმოადგინა შესაბამისი ინფორმაცია და განვიხილეთ, რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ვისაუბრეთ კონკრეტულად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე, ე.წ GDRP-ზე, რომელიც, აშშ-თან ერთად, უახლოეს მომავალში დაიწყება. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა საკმაოდ დატვირთული იყო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური