საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

გიორგი კვირიკაშვილი - უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჩვენს რეფორმებს ძალიან დადებითად აფასებენ ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-10

12

უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჩვენს მიერ დაგეგმილ თუ უკვე განხორციელებულ რეფორმებს ძალიან დადებითად აფასებენ, ეს კი უდავოდ არის იმის აღიარება, რომ მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ახალ-ახალი კომპონენტები ემატება, წარმატებით ხორციელდება და ქვეყნის სწრაფი განვითარების რეალურ და ხელშესახებ შედეგებზეა გათვლილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც ფინანსთა მინისტრის ვიზიტებს გამოეხმაურა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ შედგა მამუკა ბახტაძის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-ში, სადაც მინისტრი მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიურ შეხვედრებს დაესწრო, დელეგაციაში იმყოფებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც. ფინანსთა მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში.

„როგორც აზიის განვითარების ბანკი, ისე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აპირებენ საქართველოში პორტფელისა და კერძო სექტორის დაფინანსების გაზრდას. ასევე აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი, ზაფხულში რამდენიმე ფორმალური პროცედურის გავლის შემდეგ, დაამტკიცებს ახალ, გაზრდილ საკრედიტო პორტფელს საქართველოსთვის.

რამდენიმე დღეში კი, კერძოდ 14-16 მაისს, საქართველოში პირველად, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება. ეს უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ვიზიტების მნიშვნელოვანი შედეგები გაზრდილ ინვესტიციებში აისახება.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ქვეყნისადმი, მისი სამეწარმეო და მაკროეკონომიკური გარემოსადმი ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ნდობა, რაც კერძო სექტორის ჩართულობასა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე პოზიტიურ გავლენას ახდენს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური