საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტარებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-08

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის (SEDE) თავმჯდომარეს და წევრებს ქვეყანაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის განვითარებაზე.

საუბარი შეეხო ასოცირების შეთანხმებისა და მისი შემადგენელი ნაწილის - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) წარმატებულ იმპლემენტაციას, აღინიშნა პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით 2017 წელს მიღწეული შედეგები და ამ კონტექსტში, ევროპის პარლამენტის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა.

შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას გარდა პრაქტიკული მნიშვნელობისა, პოლიტიკური დატვირთვა აქვს და ეს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისა და ნდობის დადასტურებაა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, საინფორმაციო კამპანია და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა უვიზო რეჟიმის შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

ევროპარლამენტარებმა ერთხმად გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ და ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს.

გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურა მთავრობის მტკიცე მზაობა - გააგრძელოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ფართომასშტაბიანი რეფორმები.

პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება გააცნო და ევროპარლამენტარებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

აღინიშნა ევროკავშირის და კონკრეტულად, ევროპარლამენტის მხარდაჭერის როლი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროცესში.

აგრეთვე, გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა მიმდინარე წლის 25 აპრილს, ევროპარლამენტის SEDE-ს სხდომაზე საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების განხილვასა და მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი ესწრებოდნენ.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური