საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-05

____

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის" პირველი ყოველწლიური ფორუმის მონაწილეებს ახალციხეში სიტყვით მიმართა

მოგესალმებით ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მოგესალმებით მეუფე თეოდორე, პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ქალბატონო მინისტრო, მივესალმები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ლიდერებს!

ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს იმართება ეს დღე! დღეს იწყება ევროპის დღეები და თბილისში დიდი ზეიმი იმართება ამასთან დაკავშირებით. მე მოხარული ვარ, რომ დღეს აქ, ახალციხეში ჩვენ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას ვუყრით საფუძველს - დიალოგი სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. მე მინდა, ზაზა გაბუნიას მადლობა გადავუხადო, მადლობა გადავუხადო პარლამენტს ამ ინიციატივისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმა, რომლის დაწყებაც ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან ერთად დავაანონსეთ და უმნიშვნელოვანესია ეს სრულიად ახალი ტენდენცია, რომელსაც 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი - თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიღებით, რომელმაც აბსოლუტურად სხვა ჩარჩო ჩამოაყალიბა უფლებამოსილებების გამიჯვნისა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის; რომელმაც დასაბამი მისცა უფლებამოსილებების სულ სხვა დონეზე გამიჯვნას და განვითარებას, მათ შორის, ფინანსური რესურსების სხვანაირ განაწილებას და კომპეტენციების გამიჯვნას.

ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტი გახლავთ ეს რეფორმა. მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩავატარეთ და ზურგს უკან გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი, ძირეული რეფორმები, ვფიქრობ, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა უდავოდ იკავებს პირველ ადგილს მომავალი რეფორმების სიაში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ცხოვრების დონის გათანაბრება სხვადასხვა რეგიონებს შორის. ეს უთანასწორობა რაც დღეს გვაქვს, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის რეფორმას სჭირდება ადამიანური რესურსი. გარდა იმისა, რომ ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, რომ დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში გავაორმაგოთ ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონებში იქნება გაცილებით უფრო მეტი ჟანგბადი, გაცილებით უფრო მეტი ფინანსური რესურსი, რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმასაც, რომ უნდა იყოს გაცილებით უფრო მეტი კომპეტენცია. არ მინდა, ვინმემ მიიღოს ეს შეურაცხყოფად, მაგრამ რეგიონულ ხელისუფლებებში ჩვენ გვჭირდება ძალიან კვალიფიციური კადრები. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს დღეს ადამიანური რესურსი, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი გვინდა.

ჩვენი სურვილია და მე ადრეც ვთქვი, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მიიღებენ საუკეთესო განათლებას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, იყვნენ მოტივირებულნი, რომ წავიდნენ და თავიანთ რეგიონს, თავიანთ სოფელსა და რაიონს ემსახურონ. სწორედ, ამ რეფორმის შედეგი იქნება ის, რომ რეგიონებში იქნება გაცილებით უფრო მეტი საშუალება მათი დასაქმების და მათი პოტენციალის რეალიზებისა.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო გაერო-ს, მადლობა გადავუხადო ავსტრიის და შვეიცარიის საელჩოებს, რომლებიც გვიწევენ ძალიან დიდ დახმარებას ამ რეფორმის განხორციელების პროცესში და რა თქმა უნდა, მთავრობა თავისი 4-პუნქტიანი გეგმით, განსაკუთრებით სივრცითი დაგეგმარების გეგმით, ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ამ რეფორმის განვითარებაში.

ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავასრულებთ ძირითად სატრანზიტო ინფრასტრუქტურას, მთავარი აქცენტი გაკეთდება რეგიონებზე. რა თქმა უნდა, დღესაც ბევრი პროექტი მიმდინარეობს - წყალმომარაგების, გაზიფიცირების, რეგიონული გზების მშენებლობის, რეგიონული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღორძინების, მაგრამ მომავალში წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი რამდენიმეგზის გაიზრდება, გამომდინარე ჩვენი პრიორიტეტიდან - ორჯერ გავზარდოთ რეგიონული დაფინანსება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და მთლიანი შიდა პროდუქტიც გაიზრდება ამ პერიოდში. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ შიდა პრიორიტეტებში გადანაწილება უკვე ცენტრალური სატრანზიტო მაგისტრალებიდან და ინფრასტრუქტურიდან მოხდება კიდევ უფრო მეტად ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში. ჩართულობა ადგილობრივი ხელისუფლების იქნება გაცილებით უფრო მაღალი, საქვეყნო, ქვეყნის მასშტაბის პრობლემების გადაწყვეტაშიც.

მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობას ვუხდი პარლამენტს ამ ძალიან კარგი ინიციატივისთვის და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა ძალიან დინამიკურ განვითარებას ჰპოვებს. ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არა მხოლოდ ისინი, არამედ მოსახლეობა რეგიონებში აქტიურად ჩაერთვება.

განსაკუთრებით, ახალგაზრდებს მინდა ვთხოვო, რომ ნუ იქნებიან ინდიფერენტულნი ნურც ერთი პრობლემის მიმართ. თქვენი აქტივობა, ძვირფასო ახალგაზრდებო, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. თქვენი აქტივობა ჩვენ გვაძლევს ენერგიას და თქვენი თამამი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასაც ძალიან სჭირდება.

კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები ამ ძალიან კარგი ინიციატივის დაწყებას, წარმატებებს გისურვებთ და კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეებს!