საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად შსს-ს მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-01

------

ძალიან მახარებს, რომ შსს-ში რეფორმები მიმდინარეობს წარმატებულად. დღეს ჩვენ გავხსენით შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მომსახურების ახალი ცენტრი, სადაც მოქალაქეები მიიღებენ აბსოლუტურად ყველა საპოლიციო მომსახურებას. დაახლოებით 500-მდე მოქალაქე შეძლებს დღის განმავლობაში აქ მომსახურების მიღებას. ეს ცენტრი არის აღჭურვილი ყველაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და მომზადებულია იმისთვის, რომ მოქალაქეებს გაუწიოს კომპლექსური მომსახურებები, რაც ეხება პოლიციას, კერძოდ საპატრულო პოლიციას. ასევე ძალიან კარგია, რომ დღეიდან თბილისის პატრული აღჭურვილი იქნება ახალი სამხრე კამერებით, რომლებსაც აქვს გაცილებით უფრო ფართო და მძლავრი ტექნიკური შესაძლებლობები, რაც იმას ნიშნავს, რომ 12 საათის რეჟიმში შეუძლია უწყვეტი ჩაწერა. ასევე, მონაცემები, კამერების დატვირთვის დროს, პარალელურად იტვირთება ცენტრალურ სერვერზე. ეს აბსოლუტურად ყველანაირი კითხვის ნიშნის გამორიცხვის საშუალებას იძლევა, რაც, მოგეხსენებათ, წარსულში ყოველთვის იყო გარკვეული სპეკულაციის საგანი. მინდა, ყველა პოლიციელს მივულოცო დღევანელი დღე. ჩვენი მოქალაქეების მომსახურება, უსაფრთხოება არის უმაღლესი პრიორიტეტი და ის სტანდარტები, რომლებიც დღეს ამ მომსახურების ცენტრშია, მათ შორის სამხრე კამერები, არის მსოფლიოში საუკეთესო სტანდარტის. დარწმუნებული ვარ, ეს ცენტრი იქნება რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო, თუ ყველაზე საუკეთესო არა.

პოლიციელების, როგორც სახელფასო, ასევე საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა სახელმწიფოსთვის ხდება პრიორიტეტი. მინდა ვთქვა ვიცე-პრემიერის და მინისტრის სასარგებლოდ და საამაყოდ, რომ იგი ძალიან მკაფიოდ იცავს პოლიციელების ინტერესებს. მე მას რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე. ასევე ვესაუბრეთ ფინანსთა მინისტრს და მომავალში უნდა ველოდოთ, რომ, რა თქმა უნდა, თანდათანობით, მაგრამ სახელმწიფო გაცილებით მეტს გააკეთებს, რათა პოლიციელი, რომელიც სიცოცხლეს რისკავს, რომელსაც უშუალოდ უწევს დანაშაულთან ბრძოლა, იყოს გაცილებით უფრო მშვიდად იმასთან დაკავშირებით, რომ მისი საცხოვრებელი პირობები უზრუნველყოფილი იქნება.

ახალმა ცენტრმა საპატრულო პოლიციის ე.წ. „მე-12 ოთახი" ჩაანაცვლა. პირველ ეტაპზე, ერთიანი მომსახურების ცენტრი, 4 სხვადასხვა ადგილის ნაცვლად, მოქალაქეებს საჭირო საპოლიციო მომსახურებას ერთ სივრცეში გაუწევს.
საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი რეგიონში ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრია, სადაც ერთი სარკმლის პრინციპით იქნება შესაძლებელი - მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება, ჯამში, 50-მდე საპოლიციო სერვისი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური