საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი წყნეთი-ბეთანიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-01

-----

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წყნეთი-ბეთანიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელიც დასრულების ეტაპზეა. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.

„ძალიან კარგია, რომ „ევროპის საინვესტიციო ბანკის" დაფინანსებით, სრულდება, პრინციპში, დასრულების სტადიაშია ის გზა, რომელიც უკავშირდება ცნობილ კატასტროფას, თბილისში მომხდარ წყალდიდობას. აქ იყო მთავარი მეწყერი და აქედან წავიდა მერე მთელი პროცესი. კატასტროფის მასშტაბი არის უზარმაზარი, რასაც თქვენ ხედავთ. „ევროპის საინვესტიციო ბანკის" დაფინანსებით უკვე თითქმის ერთი წელია აქ მუშაობს კომპანია. 26 მილიონი ლარი დაჯდა, მთლიანად, ეს სამუშაოები. რაც ყველაზე კარგია, ისეთი ტექნოლოგიებით კეთდება, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით გამორიცხავს მომავალში, რომ ამ მონაკვეთს შეეხოს რაიმე ასეთი, რაც უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რამდენიმე მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ამ გზით, წალკა, გარდაბანი, თეთრიწყარო და ასე შემდეგ. ამიტომ, ჩვენი მოსახლეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ისინი ძალიან დიდ წრეს აკეთებდნენ, სახლში რომ მისულიყვნენ. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ტურიზმისთვის. თქვენ ნახეთ ალბათ ის კონსტრუქციები, რაც კეთდება, თანამედროვე ევროპული სტანდარტებით. იქნება უსაფრთოხება დაცული, როგორც ქვების ცვენისგან, ასევე ნიაღვარისგან. მთლიანად ვერეს ხეობაში ეწყობა სრულიად ახალი კონსტრუქციები, რომელიც ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ ისევ და ისევ რაც მაშინ მოხდა - მოგლეჯილი ხე-ტყის ნარჩენებმა ჩახერგეს და წყალი დაგუბდა - ასეთი რამე აღარ მოხდება, ბადეები იქნება დამონტაჟებული.

სოფელ ახალდაბაშიც გადის ახალი გზა. ასე რომ, ეს ძალიან კარგი სამუშაო უკვე ივნისისთვის, კატასტროფიდან სამი წლის თავზე დასრულდება და შევა ექსპლუატაციაში. ეს არის საერთაშორისო თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი, რადგან თვითონ გზის დიზაინისა და უსაფრთხოების ელემენტების შემუშავებაში ჩართულნი იყვნენ ამერიკელები, ევროპელები - გერმანელები, ასევე თურქი სპეციალისტები. ასე რომ, საერთაშორისო გუნდის მიერ დამუშავდა ეს პროექტი, რათქმაუნდა, ქართველი სპეციალისტები ასეთი თანამშრომლობისას იმაღლებენ კვალიფიკაციას და კომპანია, რომელიც მუშაობს და როგორც ხედავთ უმაღლეს დონეზე ასრულებს სამუშაოს - „კავკასუს როუდ პროჯექტი" მგონია, რომ მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი თანამშრომლობა.

თვითონ პროექტის სტრუქტურა არის კიდევ განსხვავებული, ეს არის საჯარო - კერძო პარტნიორობა, იმიტომ რომ ეს პროექტი ითვალისწინებს შემდგომში მოვლა-პატრონობის ვალდებულებასაც, რაც კომპანიას აძლევს მოტივაციას, რომ უმაღლესი ხარისხით შეასრულოს სამუშაოები, რათა მომავალში ექსპლუატაციის დანახარჯები იყოს ნაკლები, ასე რომ ძალიან კარგი პროექტია,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურთან ერთად წყნეთი-ბეთანიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა დაათვალიერეს.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და მისი ღირებულება 26 მლნ ლარამდეა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური