საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

IOC მიესალმება საქართველოს ინტერესს, 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობის შესახებ ამოსაბეჭდი ვერსია

2018-04-25

საქართველო გმირების ქვეყანაა და ოლიმპიურ თამაშებზე ყოველთვის მაღალი რანგის სპორტსმენებით არის წარმოდგენილი; ჩვენ მივესალმებით თქვენს წინადადებას, 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობის შესახებ, - ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნავალ ელ მუტავაკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობის სურვილის გამოსათქმელად საქართველომ სწორი დრო შეარჩია.
„საქართველოში პირველად ვიმყოფები და მჯერა, კიდევ არაერთხელ გესტუმრებით მაღალი რანგის სპორტულ ღონისძიებებზე. მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ, კერძოდ კი თბილისმა ღირსეულად უმასპინძლა 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს", - განაცხადა ნავალ ელ მუტავაკელმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან შეხვედრა გაიხსენა, რომელზეც თომას ბახმა საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალური ჯგუფის გამოგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერის შეფასებით, ზამთრის სპორტის სახეობების, მთის კურორტების განვითარების მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესასწავლად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების ვიზიტი საქართველოში, დიდი მხარდაჭერაა.
შეხვედრისას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამისთვის სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ პროცესში მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებას, რომლებმაც გუდაურში, ყაზბეგში, ბორჯომსა და ბაკურიანში არსებული მდგომარეობა და ინფრასტრუქტურა უკვე შეისწავლეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური