საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

ახალი სამშვიდობო ინიციატივა -  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ამოსაბეჭდი ვერსია

2018-04-04

მთავრობის დღევანდელი სხდომა მინდა დავიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზაზე გახლავთ უალტერნატივო ნაბიჯი.
ეს არის ახალი სამშვიდობო ინიციატივა  - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".
საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში,  დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.
ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ღია განაცხადი, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო აუცილებლად გაგრძელდება და ეს არის მიუხედავად უამრავი გამოწვევისა ჩვენი ურყევი კურსი, რომელიც თანმიმდევრულად გაგრძელდება. ეს არის ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირებთ გამოწვევებს და რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესის გააქტიურებას.
სამშვიდობო ინიციატივების   საკანონმდებლო  ცვლილებათა პაკეტი, რომლის შემუშავებაში მთავრობასთან ერთად ჩართული იყო ასევე საპარლამენტო უმრავლესობაც, სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს:
პირველი - გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;
ინიციატივის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გავლით ვაჭრობასთან დამაკავშირებელი ინდივიდუალური და საერთო ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება.
მე-2 - ეს გახლავთ     ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდები, მათი განათლება და კეთილდღეობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ეს არის სწორედ ის თაობა, რომელმაც უნდა იცხოვროს ერთად გაერთიანებულ საქართველოში და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მშენებლობის პროცესში.
მე-3 გახლავთ ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა, ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.
სხდომის შემდეგ ქეთევან ციხელაშვილი ჩაატარებს ბრიფინგს, სადაც დამატებით ამ ინფორმაციას გაშლის, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის დეტალებში გახდეს ცნობილი ეს საკითხი. მე გთხოვთ, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ყველას ჩართულობა ამ ინიციატივის განხორციელებისას. ჩართულობის გარეშე ძალიან რთული იქნება ასეთი ფუნდამენტური ინიციატივების წარმატებით განხორციელება.