საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

ცვლილებები პროექტში - „დანერგე მომავალი“ ამოსაბეჭდი ვერსია

2018-03-14

მოგეხსენებათ, რომ უკვე 3 წელია წარმატებით ხორციელდება პროექტი „დანერგე მომავალი". ეს გახლავთ მაღალპროდუქტიული სახილე ჯიშების განვითარება ქვეყანაში. უკვე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი - საქართველოში 4 700 ჰექტარზე გაშენდა ახალი ბაღები.

სახელმწიფო აფინანსებს 70 %-ს ნერგების საფასურს და ასევე, წვეთოვან სარწყავ სისტემაზე არის 50%-იანი გრანტი გათვალისწინებული. დამეთანხმებით, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელიც სოფლის მეურნეობაშია ჩართული და ამ მიმართულებით ჩვენ ვამატებთ ორ ახალ კულტურას : სუფრის ყურძნის, წარმოებას - ხაზს ვუსვამ, ეს არ არის ღვინისთვის განკუთვნილი ჯიშები, ეს არის სუფრის ყურძნის ჯიშები და ასევე, ფისტას კულტურას, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა დღეს მსოფლიოში, საქართველოში კი ძალიან კარგი შესაძლებლობაა ფისტას წარმოების.

ასევე, მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ ქვეყანაში, რომელიც არის უძველესი ღვინის კულტურის ქვეყანა, სუფრის ყურძენი დღეს, თითქმის, მთლიანად იმპორტით შემოდის საქართველოში.

მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო სუფრის ყურძნის ჯიშების წარმოება და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით თანადაფინანსება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი - ქვეყანაში იმპორტის ჩანაცვლებისა და რა თქმა უნდა, ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო პოტენციალის გასავითარებლად.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური