საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

შეხვედრა საქართველოში ADB-ის მუდმივ წარმომადგენელთან ამოსაბეჭდი ვერსია

2018-03-13

საქართველოს მთავრობა მიესალმება აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას და აფასებს მის მნიშვნელოვან მხარდაჭერას რეფორმების პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელთან, იეშიმ ელჰან-კაიალართან შეხვედრისას განაცხადა.
საუბარი შეეხო რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა ის მზარდი მონაცემები, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური ზრდის, სავაჭრო ბრუნვის, ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით აქვს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოგების გადასახადის რეფორმის წარმატებაზე, რის შედეგადაც, ქვეყანაში რეინვესტირების მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგდა.
მხარეებმა ისაუბრეს ADB-ის პარტნიორობის სტრატეგიის ძირითად, პრიორიტეტულ მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ ბანკის 2018-2020 წლების საოპერაციო ბიზნესგეგმა საქართველოსთვის, ასახავს მთავრობის მთავარ პრიორიტეტებს განვითარების მიმართულებით და მხარს უჭერს ოთხპუნქტიან გეგმაში გაწერილ სტრატეგიას.
პრემიერმა აზიის განვითარების ბანკს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების - სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა; ასევე - ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის როლს საპენსიო და კაპიტალის ბაზრისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის რეფორმების განხორციელების პროცესში.
მხარეებმა ისაუბრეს ბანკის მომავალ პროგრამებზე საქართველოში და წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორია, რომლის მხარდაჭერით სახელმწიფო და კერძო სექტორში განხორციელებულია 2.5 მილიარდ დოლარამდე ღირებულების პროექტები.
შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური