საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

გიორგი კვირიკაშვილი - თსუ-მ გაზარდა თაობები საქართველოში, რომელთა მიერ შენარჩუნებულმა ეროვნულმა მუხტმა ჩვენ დღეს დამოუკიდებელი ქვეყანა მოგვიტანა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-02-07

წელს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენთვის ყველასთვის საამაყო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოსთვის არ გახლდათ მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული კერა და ასევე ეროვნული მუხტისა და თვითმყოფადობის შემანარჩუნებელი ინსტიტუცია. მან გაზარდა თაობები საქართველოში, რომელთა მიერ შენარჩუნებულმა ეროვნულმა მუხტმა ჩვენ დღეს დამოუკიდებელი ქვეყანა მოგვიტანა. სწორედ ამ უნივერსიტეტის კერაზე გაიზარდა არაერთი სასიქადულო მამულიშვილი, რომელმაც საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უნივერსიტეტით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იუბილე იუნესკოს ეგიდით ტარდება. უმნიშვნელოვანესია, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან 147 დელეგატი, როგორც სამეცნიერო წრეების, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩვენთან ერთად იზეიმებენ ამ უდიდესი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.

წელს ჩვენ ასევე ვზეიმობთ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს - დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს. საზეიმო ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და კულმინაცია იქნება 26 მაისს, როდესაც ჩვენთან ჩამოვლენ მეგობარი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები.
ვფიქრობთ, 2018 წელი ძალიან ღირსეულად უნდა აღინიშნოს, რათა საქართველოს ფარგლებს გარეთ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგოს იმ მდიდარი ტრადიციების შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური