საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია ამოსაბეჭდი ვერსია

 2018-01-25

თავდაცვის სამინისტროს გამოაქვს სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია. ერთი რამ ცხადია, უახლესმა ისტორიამაც ნათლად აჩვენა, რომ მოქმედი რეზერვის და მობილიზაციის სისტემა საჭიროებს სერიოზულ გარდაქმნას და დახვეწას და ძლიერი სარეზერვო სისტემა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ახალი კონცეფცია, რომელიც არის შემუშავებული, ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამობილიზაციო რეზერვთან ერთად აქტიური რეზერვის სამი სხვადასხვა სახე არის გათვალისწინებული ახალი კონცეფციის მიხედვით, ეს არის - ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი. ჩვენ ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოს მოქალაქემ თავისი ადგილი ამ სისტემაში ისე მოძებნოს, რომ ის არ მოწყდეს სამოქალაქო აქტივობას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრს, ლევან იზორიას გაწეული სამუშაოსთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო განხილვები, რომელიც დღევანდელი დღიდან დაიწყება იქნება ძალიან პროდუქტიული. დარწმუნებული ვარ, პარლამენტის გარდა ჩაერთვებიან, ასევე, ამ მიმართულების ექსპერტები ამ განხილვაში და, შედეგად, ჩვენ მივიღებთ იმ სისტემას, რომელიც იქნება დაბალანსებული, სწორი და იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური