საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2017 წლის სხდომები

2017 წლის 15 ნოემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-15

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომელიც განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.

სტრუქტურული ცვლილებების პაკეტის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი;

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი;

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი;

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

კანონის მიღების შემდეგ,  საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში   მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაერთიანებისა და რეორგანიზაციის შედეგად, შეიქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი.

მთავრობა გამოდის ინიციატივით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეუერთდეს დაზვერვის სამსახური.

სამინისტროებში განხორციელებულ ცვლილებებთან ერთად, მიმდინარეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურული ოპტიმიზაცია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური