საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2017 წლის სხდომები

2017 წლის 9 თებერვლის მთავრობის სხდომა

2017-02-09

2017 წლის 9 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 38 საკითხი განიხილადღის წესრიგი

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, გრძელდება მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერა. მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შედის. სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კოოპერატივებს სკების, თაფლის საწურისა და თაფლის შესანახი ავზების გარდა, გადაეცემა ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით და ფიჭის ანათლის ავზით. პროგრამაში მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველი აღჭურვილობა როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.

მთავრობის სხდომამ მხარი დაუჭირა შეღავათიანი აგროკრედიტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტებში ცვლილებების შეტანას, რომლის თანახმად, შეღავათიანი აგროკრედიტი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. აღნიშნული ცვლილებები თანხვედრაშია ქვეყნის ლარიზაციის სახელმწიფო გეგმასთან და სესხების ლარში აღების სტიმულირებას ახდენს. სავალუტო რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიზაშეწონილია ბენეფიციარებისთვის გრძელვადიანი სესხები ეროვნულ ვალუტაში გაიცეს. ბენეფიციარებს შესაძლებლობა მიეცათ ისარგებლონ როგორც ფიქსირებული, ისე მცურავი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებით დაგააკეთონ მათთვის ოპტიმალური არჩევანი.

ასევე ცვლილება შედის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ცვლილების მიხედვით პირველად მოხდება 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ საყოველთაო და კერძო პაკეტების გამიჯვნა. პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ამოქმედდება 2017 წლის 1 მარტიდან. დღის წესრიგში დადგა 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არსებული სიების განახლება პროგრამის შემდგომი რეფორმირებისთვის და მისი ძირეული მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს საყოველთაოობას და არადაზღვეული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტი დამტკიცდა. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველომ აიღო გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ვალდებულება. ერთ-ერთი პირველი ამ მიმართულებით არის ქვეყანაში სწორი გარემოსდაცვითი მმართველობის ჩამოყალიბებისათვის გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის სრულყოფა. ამ მიმართულებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, შეიმუშავა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რომელიც უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. კოდექსი სრულად ჰარმონიზებულია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან, აგრეთვე მაქსიმალურად არის მორგებული ქვეყნის საკანონმდებლო სივრცესა და რეალობას.

მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და Kocks Consult Gmbh-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი." ხელშეკრულების ფარგლებში მომზადდება ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის შიდასახელმწიფოებრივი გზის (დაახლოებით 50 კმ) რეაბილიტაციისათვის საჭირო დეტალური პროექტი, სატენდერო დოკუმენტაცია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაცია, მიწის შესყიდვისა და განსახლების დეტალური გეგმა. ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის შიდასახელმწიფოებრივი გზის (50 კმ) რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება სახიდე გადასასვლელების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, გზისპირა კიუვეტების და სხვა წყალარინების საშუალებების მშენებლობა, საყრდენი კედლების, მდინარის მარეგულირებელი ნაგებობების, საგზაო ნიშნების და მონიშვნის მოწყობა, უსაფრთხოების დამცავი ზღუდარების მონტაჟი, რის შედეგადაც გაუმჯობესდება საავტომობილო გზის საქსპლუატაციო მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია, რომ განკარგულების პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით თანხების გამოყოფას და არ არის დაკავშირებული სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებასთან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური