საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2017 წლის სხდომები

2017 წლის 24 იანვრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-24

საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 37 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია ქალთა უფლებების დაცვა და „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" სტამბულის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული  აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცზე თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. ცვლილებათა პროექტი ახალ მიდგომებს ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც.

კიდევ ორი ახალი საწარმო შეემატება იმ საწარმოების ნუსხას, რომლებიც „აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. 30 ადამიანი დასაქმდება სამშენებლო მასალების საწარმოში, რომელიც პროგრამის ფარგლებში დიდ ლილოში ამოქმედდება. ამისთვის კომპანია „ნეოსტარს" სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა დიდ ლილოში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები. ახალი საწარმოს შესაქმნელად „ნეოსტარი" 3 508 920 ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. რაც შეეხება მეორე პროექტს, ეს არის მინისა და მინის ნაწარმის საწარმო, რომელსაც კომპანია „ნეო გლასი" შექმნის სახელმწიფოსგან ერთ ლარად გადაცემულ მიწის ნაკვეთზე. საწარმო თბილისში ამოქმედდება და მასში 11 ადამიანი დასაქმდება. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, მინის საწარმო წლიურად 10 000 მ2 უსაფრთხო, გამტკიცებულ ან მრავალფენოვანი მინის წარმოებას უზრუნველყოფს.  ახალი საწარმოს შესაქმნელად მინიმუმ 905 400 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

საქართველოს მთავრობის  გადაწყვეტილებით, კიდევ 149 დევნილ ოჯახს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ საცხოვრებელ ფართები (თბილისი, ფოთი, ქუთაისი და წყალტუბო). 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, 13 749 დევნილ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება

მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა 20 მილიონ ლარს გამოყოფას ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებიდან და საქართველოს მასშტაბით კიდევ 34 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დაწყებას, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით 11 000-ზე მეტ ოჯახს ექნება ბუნებრივი აირი. ბოლო 4 წლის განმავლობაში აღნიშნული მიზნით 241 მლნ  ლარი დაიხარჯა და  160 000 აბონენტი გაზიფიცირდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური