საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-25

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 24-25 ივლისს, ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა.

ოფიციალური ვიზიტი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო.

საუბრის მთავარი თემები ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარება იყო.

პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს ორი ქვეყნის კონკრეტულ უწყებებს შორის არსებული პარტნიორობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მონაცემების ზრდის დინამიკა და ამ მიმართულებით არსებული კიდევ უფრო დიდი პოტენციალი.

პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. გიორგი კვირიკაშვილმა ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში მიიწვია, რასაც ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი დათანხმდა. პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

გიორგი კვირიკაშვილი, პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III-მ გვირგვინიანი ოქროს ჯვრით, გვირგვინითა და ვარსკვლავით დააჯილდოვა. პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქისგან მსგავსი ჯილდო უმაღლესი თანამდებობის პირმა პირველად მიიღო.

თეოფილოს მესამემ აღნიშნა, რომ მისთვის, წმინდა მიწაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მასპინძლობა დიდი პატივია.

"თქვენს ქვეყანას და ხალხს - საქართველოსა და ქართველებს განსაკუთრებული კავშირი აქვთ იერუსალიმთან, წმინდა მიწასა და იერუსალიმის საპატრიარქოსთან. გადმოცემის თანახმად, წმინდა ნინო, თქვენი ქვეყნის განმანათლებელი, იყო იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დისშვილი. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ ბევრი სხვა ისტორიული და კულტურული ფაქტორი გვაკავშირებს. იერუსალიმის საპატრიარქომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მართლმადიდებლობის დაცვაში", - ბრძანა პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა თეოფილოს მესამის წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან მიწვევა გადასცა.

"ნება მომეცით, მოგიწვიოთ საქართველოში. მართალია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უკვე მოგიწვიათ საქართველოში, მაგრამ მოხარული ვიქნებით, პირადადაც გიმასპინძლოთ", - მიმართა პრემიერმა პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო, მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და  სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე იმყოფებოდა იერუსალიმის ერების ხეივანში, სადაც ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად, ორი ქვეყნის მეგობრობის აღსანიშნავად ხე დარგო.

25 ივლისს საქართველოს მთავრობის მეთაურს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა უმასპინძლა.

მხარეებმა კონკრეტულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკასა და ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველო-ისრაელის განსაკუთრებულ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ ორი ერის მეგობრობის ისტორია 2 600 წელს ითვლის.

"ქართველებს შორის აშკარაა უაღრესად პოზიტიური განწყობა, სენტიმენტები ებრაელთა მიმართ. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვმასპინძლობთ 150 000 ტურისტს ისრაელიდან, რომელთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება, ხოლო ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია ბევრ სფეროში. ჩვენთვის დაუვიწყარია თქვენი ვიზიტი საქართველოში რამდენიმე თვის წინ, რომლის დროსაც ჩვენ გვქონდა თანამშრომლობის გაღრმავების გზების განხილვის შესაძლებლობა. შემოდგომაზე კი ჩვენ ვუმასპინძლებთ მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას, რათა განვიხილოთ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მაღალი ტექნოლოგიები, განათლება თუ უსაფრთხოება. ჩვენ ვდგავართ მსგავსი გამოწვევების წინაშე და ჩვენ უნდა ვისწავლოთ თქვენი გამოცდილებიდან. საქართველო არის ისრაელის ძალიან სანდო პარტნიორი ამ გამოწვევებით სავსე სამეზობლოში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ორი ქვეყნის განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა. რუვენ რივლინის თქმით, ქართველ და ებრაელ ხალხს ბევრი რამ აკავშირებს.

"ისრაელში საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობს და საქართველოშიც არის საკმაოდ დიდი ებრაული დიასპორა. ჩვენს ერებს ძალიან ბევრი რამ აკავშირებს. საქართველოდან ისრაელში და, პირიქით, ისრაელიდან საქართველოში ყოველწლიურად 150 000 ტურისტი მოგზაურობს. ეს კავშირები ჩვენ ძალიან გვახარებს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და უსაფრთხოების სფეროებში, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. ამ მიზნით ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ ჩვენი ურთიერთობების გაფართოებას. თქვენი და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ამ მხრივ, რადგანაც ის ცხადყოფს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების დიდ სურვილსა და მზადყოფნას.ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ქართველ ერს და ვაფასებთ ჩვენს ერებს შორის არსებულ კავშირებს", - მიმართა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე საერთაშორისო ფონდ Jerusalem Venture Partners (JVP)-ის სათავო ოფისში იმყოფებოდა.

JVP-ის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნოა სეგრემ და ფონდის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს დეტალურად გააცნეს თავიანთი საქმიანობის მიმართულებები და სპეციფიკა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. JVP-ის წარმომადგენლებმა საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს.  პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის, დამწყები ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებისა და საქართველოს ტექნოლოგიური პარკის საქმიანობის შესახებ.

ასევე გაიმართა გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრები ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავჯდომარე იული ედელშტეინთან და ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის ოპოზიციის ლიდერთან ისააკ ჰერცოგთან.

ოფიციალური ვიზიტის დასასრულს პრემიერი  ისრაელში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, საქართველოს ისრაელთან აქვს ყველაზე დიდი ერთობა არა მხოლოდ ემოციურ, არამედ - სტრატეგიული ინტერესების დონეზე და ეს ურთიერთობა უნდა აისახოს ეკონომიკურ პარტნიორობაშიც. პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა დიასპორის, როგორც უმნიშვნელოვანესი რესურსის როლი საქართველო-ისრაელის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში და ქვეყნებს შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ პარტნიორობაზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა მეგობრობის განმტკიცებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა მზარდი მაჩვენებლები ტურიზმის მიმართულებით და განაცხადა, რომ გასულ წელს ისრაელიდან საქართველოს 100 ათასი ტურისტი ეწვია, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოსთვის, მათი რიცხვი სავარაუდოდ 150 ათასს გადააჭარბებს.

"ასევე, ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით, თუმცა დღეს ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანია ის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები, თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში. მე დიდი სიამოვნებით დავპატიჟე ბატონი ნეთანიაჰუ, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში უდიდეს პატივს სცემენ. ის არის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი დღეს მთელს მსოფლიოში და ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, ვუმასპინძლოთ მას საქართველოში ბიზნესდელეგაციასთან ერთად. გვინდა, მალე შედგეს ეს ვიზიტი, ვინაიდან დარწმუნებული ვართ, არის რამდენიმე მიმართულება, სადაც შეგვიძლია წარმატებით ვითანამშრომლოთ. ჩვენ ასევე განვიხილეთ ისრაელისა და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გუშინ ჩვენს ებრაელ მეგობრებთან ერთად ვილოცეთ გოდების კედელთან, როგორც ისრაელის, ისე საქართველოს მშვიდობისათვის. ეს იყო იმ ერთობისა და კონსოლიდაციის შეგრძნება, რომელიც გამორჩეულია და ნამდვილად არსებობს ჩვენს ორ ერს შორის. ეს არის მრავალსაუკუნოვანი ერთობა, მაგრამ დღეს მოვიდა დრო, როდესაც ჩვენ უნდა გავცდეთ დღემდე მიღწეულ შედეგს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ხალხთაშორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობაზე დავაშენოთ ის განსაკუთრებული ეკონომიკური პარტნიორობა, რომელიც ნამდვილად უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს პოლიტიკურ ურთიერთობებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისრაელთან ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრა, რომელიც მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე იქნება დაფუძნებული.

"არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი, რომ ჩვენ დავიწყებთ რაღაც ახალს. რა თქმა უნდა, ეს იქნება დაფუძნებული მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე. ეს მეგობრობა არის ყველაზე ძვირფასი ჩვენთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს სრულმასშტაბიანი პარტნიორობა ისრაელის სახელმწიფოსთან და განვავითაროთ ის მიმართულებები, სადაც ჩვენ კიდევ დიდი რესურსი გვაქვს ასათვისებელი - სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობები, თანამშრომლობა განათლების, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში და უსაფრთხოების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა უკვე ტრადიციულად ძალიან განვითარებულია, მაგრამ ჩვენ აქ კიდევ ვხედავთ დიდ რესურსს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი