საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2017 წლის ვიზიტები და შეხვედრები

გიორგი კვირიკაშვილი „ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს“ დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-21

1  2

3  4

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ახლო აღმოსავლეთის,  ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის 2017 წლის  მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე" იმყოფებოდა, რომელიც იორდანიაში გაიმართა. 

საქართველოს მთავრობის მეთაური იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს სამუშაო ვიზიტით 20-21 მაისს ეწვია. 

20 მაისს, გიორგი კვირიკაშვილი ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ იორდანიის პრინცი ალ ჰუსეინ ბინ აბდულა მეორე, ესპანეთის მეფე ფილიპე მეექვსე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა იორდანიის მეფე აბდულა II-თან, ასევე - იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრ ჰანი მულკისთან. 

იორდანიის მეფესთან შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებს და მათ გავლენას გლობალურ უსაფრთხოებაზე. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ისეთი საერთო გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა ტერორიზმი. ხაზი გაესვა, ძალისხმევის გაერთიანების აუცილებლობას, რათა საერთო საფრთხეები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იორდანიის მეფეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. გამოითქვა იმედი, რომ ის მნიშვნელოვანი ბაზა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში უკვე არსებობს, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობით ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებით, რაც სასარგებლო იქნება როგორც ორმხრივ კონტექსტში, ისე - რეგიონული მასშტაბით. 

საქართველოსა და იორდანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით ორმხრივი კავშირების გაფართოების პოტენციალს. პრემიერმა ისაუბრა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებსაც მთავრობა სწრაფი ეკონომიკური განვითარების, წარმოებისა და ინვესტორთა ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა იორდანიელ კოლეგას საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო, რომლის ერთ-ერთი მიმართულებით - მმართველობის რეფორმით იორდანიული მხარე განსაკუთრებით დაინტერესდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იორდანიელი პარტნიორებისთვის რეფორმის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა. 

მხარეები, ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მუშაობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.  

შეხვედრის შემდეგ, გაფორმდა შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. 

იორდანიაში სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორგე ბრენდესთან და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან, პროფესორ კლაუს შვაბთან. ფედერიკა მოგერინისთან სამუშაო სადილზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ნოემბერში ბრიუსელში დაგეგმილი სამიტი პრაქტიკულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ასოცირების შეთანხმებისა და 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის ეფექტურ იმპლემენტაციას. ასევე, ისაუბრეს ვიზის ლიბერალიზაციას შემდგომ ნაბიჯებზე და ამ მიმართულებით საქართველოს პროგრესზე. 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგულია. 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელ კლაუს შვაბთან შეხვედრისას, საუბარი შეეხო მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, რეგიონულ თანამშრომლობას და საქართველოს მონაწილეობას რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში. მხარეებმა, ისაუბრეს საქართველოს როლზე "აბრეშუმის გზის" პროექტში და აღნიშნეს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, იყოს კონკურენტული სატრანზიტო დერეფანი აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის პროცესში. შეხვედრისას, ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, რომლებსაც მთავრობა სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს. 

საქართველოს დელეგაციაში სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური


ფოტოალბომი