საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2017 წლის ვიზიტები და შეხვედრები

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-27

   

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის 26-27 აპრილს  ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.  ბუქარესტის ჰენრი კოანდას სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი კვირიკაშვილს რუმინელი კოლეგა - სორინ გრინდეანუ დახვდა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ: ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტი რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. სორინ გრინდეანუმ ქართველ კოლეგას ვიქტორიას სასახლეში უმასპინძლა.

პირისპირ გამართულ შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა და სორინ გრინდეანუმ მიმოიხილეს საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა, როგორც ორ ქვეყანას შორის, ისე შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კომუნიკაციის განვითარების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და აღნიშნეს ამ მიმართულებით მიღწეული წარმატება. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატება - საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭება და კიდევ ერთხელ გამოთქვა რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანის შეხვდა. კოტროჩენის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სატრანზიტო პოტენციალის უკეთ გამოყენების მიზნით, რეგიონის ფორმატში თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობაზე.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა და რუმინეთის პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. კლაუს იოჰანიმ გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა. გამოითქვა იმედი, რომ ვიზალიბერალიზაცია ხელს შეუწყობს რუმინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას, ხალხთაშორის კავშირების გამყარებას და ტურიზმის განვითარებას. რუმინეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა.

„ჩვენ ვართ თქვენი კარიბჭე ევროპაში, ისე როგორც საქართველო არის ჩვენი დამაკავშირებელი აღმოსავლეთთან," - ამ სიტყვებით დაიწყო რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტმა,  ლივიუ დრაგნეამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა.

მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური  და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. ლივიუ დრაგნეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სტრატეგიული როლი რუმინეთისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები დღეიდან კიდევ უფრო მაღალ, სტრატეგიულ  დონეზე გადავიდა. გიორგი კვირიკაშვილმა და  ლივიუ დრაგნეამ შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ  საქართველო და რუმინეთი იწყებენ დეკლარირებული მიზნებიდან კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლას - უახლოეს პერიოდში მუშაობას შეუდგება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც განიხილავენ კონკრეტული სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების პრაქტიკული განხორციელების საკითხებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ორი ქვეყნის მთავრობები დაინტერესებულები არიან მაქსიმალურად აითვისონ სხვადასხვა სექტორში არსებული უზარმაზარი პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით გააქტიურება ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი კომიტეტი და ახლო მომავალში გაიმართება ბიზნესფორუმები ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის პარლამენტს ეწვია და შეხვედრა გამართა სენატის პრეზიდენტ კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუსთან. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე - სტრატეგიული ურთიერთობების ეტაპზე გადასვლის მნიშვნელობას. აღინიშნა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მოლაპარაკებების შედეგად მიღებული ერთობლივი დეკლარაციის შესახებ, სადაც ასახულია სტრატეგიული თანამშრომლობის პრიორიტეტები. "საქართველო არის მაგალითი ძალიან პერსპექტიული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარების კუთხით და ჩვენ ვართ ძალიან ბედნიერები ამით, რადგან რუმინეთი არის ქვეყანა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,"-განაცხადა კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუმ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობასა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას.

„საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე - სტრატეგიული ურთიერთობების ხარისხში გადავიდა," - ამგვარად შეაჯამეს საქართველოსა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრებმა ვიზიტის ფარგლებში დღეს გამართული მოლაპარაკებები. ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რუმინელ კოლეგასთან ერთად, საქართველოსა და რუმინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. პრემიერ-მინისტრებმა საქართველოს დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასეს და გამოთქვეს მზაობა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელიც სტრატეგიული ურთიერთობების ეტაპზე გადავიდა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი