საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2017 წლის ვიზიტები და შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

 

2017-04-24

1  2

3

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
ირანის სამთავრობო კომპლექსში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
საქართველოს მთავრობის მეთაური ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის შეხვდა. საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას. 
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს საქართველო-ირანის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი სრულდება და არსებობს საფუძველი, ორმხრივი თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასასვლელად. 
მხარეებმა ასევე განიხილეს სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანზიტო დერფნის განვითარების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები. 
გიორგი კვირიკაშვილს ასევე, უმასპინძლა ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ესჰაყ ჯაჰანგირმა, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა რამდენიმე დოკუმენტს. გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმები ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის, საქართველოსა და ირანის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და გარემოს დაცვის სამინისტროებს, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები და მიღწეულ იქნა გარკვეული შეთანხმებები, რათა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას მიღწეული შეთანხმებების განსახორციელებლად.
„კერძოდ, საუბარია სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე და ასევე, ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე. 
ძალიან მისასალმებელია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს თან ახლდა მნიშვნელოვანი ბიზნესფორუმი, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს მნიშვნელოვანი პროექტები. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო ირანელ ინვესტორებს სთავაზობს გამორჩეულ ბიზნესგარემოს და ამასთანავე, ევროპასა და ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას. ძალიან გვახარებს, რომ ირანელი ტურისტების რიცხვი საქართველოში დღითიდღე იზრდება და ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, ტურისტულ სააგენტოებს შორის გავააქტიუროთ თანამშრომლობა, რათა უფრო მეტი ქართველი ტურისტი ეწვიოს ირანს.   ჩვენი მხრიდან, გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, რათა ყველა ბარიერი, რომელიც შეიძლება არსებობდეს კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობაში, მოვხსნათ, რათა მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა ირანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.
„წინა შეხვედრებზე მივიღეთ გარკვეული გადაწყვეტილებები და დღეს მოვისმინეთ ინფორმაცია მათი შესრულების პროცესის შესახებ. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის პროექტი. ამ დერეფნის საწყისი ქვეყნებია ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო შავი ზღვისპირეთი, ან - ირანი-სომხეთი-საქართველო შავი ზღვისპირეთი.
ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ოთხმხრივი შეთანხმება ირან-საქართველო-სომხეთ-რუსეთს შორის ელექტროსისტემების სინქრონიზაციის თაობაზე, რომ წლის სხვადასხვა პერიოდში მოხდეს ელექტროენერგიის გაცვლა. მხარეებმა ხაზი გავუსვით საბანკო ურთიერთობების აუცილებლობას, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის განვითარდეს სავაჭრო თანამშრომლობა. იმედი გვაქვს, ამ მხრივ შედეგს მალე მივაღწევთ.
ასევე, განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. ხელი მოეწერა ოთხ მნიშვნელოვან დოკუმენტს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით", - აღნიშნა ესჰაყ ჯაჰანგირმა.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი