საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2017 წლის ვიზიტები და შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესპანეთში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-18

   

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 17-18 იანვარს, ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ესპანეთის სამეფოში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ტალებ რიფაისთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის შემდეგ, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სათავო ოფისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი, საპატიო დაფა გაიხსნა.

გაიმართა შეხვედრა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-სა და ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოისთან. მადრიდში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობას მიიღო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში, სადაც, გამოფენის ისტორიაში პირველად, ქართულ საგამოფენო სივრცეში, ესპანეთის მეფე ფილიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციას უმასპინძლა. სამეფო ოჯახი ქართული პოლიფონიური მუსიკით დაინტერესდა და საქართველოში სტუმრობის სურვილი გამოთქვა.

პრემიერმა ასევე შეხვედრა გამართა მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანია ACS ჯგუფის ხელმძღვანელსა და მადრიდის "რეალის" პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან.

ACS ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა და მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ფლორენტინო პერესმა, ასევე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაში ჩართვის დაინტერესება გამოთქვა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, დაესწრო ოფიციალურ მიღებას, რომელიც მსოფლიო ტურიზმის სავაჭრო გამოფენის მონაწილეების პატივსაცემად, ესპანეთის მეფის სახელით გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი