საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა, მეუღლესთან ერთად, პატრიარქს აღსაყდრების 40 წლის იუბილე მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-12-25

 

"თქვენო უწმინდესობავ,

თქვენი აღსაყდრების 40 წლის იუბილე ჩვენთვის არის უდიდესი დღესასწაული. მინდა, მთელი სულითა და გულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. თქვენი პატრიარქობა, სულიერების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნისთვის ღვთის უდიდესი მადლია, ხოლო საერო თვალსაზრისით - ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა. უდიდესი მოწიწებით ვიხრი ქედს თქვენი ღვაწლის წინაშე ჩვენი ერისა და ქვეყნისათვის და მინდა, გისურვოთ დღეგრძელობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თქვენი პატრიარქობის პერიოდში აღორძინდა, განახლდა და აშენდა უამრავი ტაძარი, აღდგა სამონასტრო ცხოვრება და ეს არის პირადად თქვენი უდიდესი დამსახურება. თქვენი თითოეული შეგონება, თქვენი ქადაგების დროს, ჩვენს ერს კელაპტრად უნთია. თქვენ, თქვენი პირადი მაგალითით, ყოველთვის გვაძლევთ სათნოების, მიმტევებლობის საფუძველსა და მაგალითს. ეს არის ჩვენთვის ყველასთვის უდიდესი სიხარულის მომნიჭებელი. 

მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ დღეგრძელობა და ჯანმრთელობა ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკლესიის გასაძლიერებლად და მრავალჟამიერ გასამხნევებლად ჩვენი ერისა", -  ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღსაყდრების 40 წლის იუბილე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ. 
სადღესასწაულო ლიტურგიას, რომელიც პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა, პრემიერი მეუღლესა და უმცროს შვილთან ერთად დაესწრო. 

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ წელს არის ძალიან მნიშვნელოვანი წელი, რადგან, პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან ერთად, აღინიშნება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წელი და უწმინდესის დაბადებიდან 85 წლის იუბილე.

„100 წელი აღსრულდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან და 85 წელი შეუსრულდა ჩვენთვის ყველასთვის პატივსაცემ და საყვარელ პატრიარქს. დღეს ჩვენ ვიზეიმეთ ეს უდიდესი დღესასწაული. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მინდა, პატრიარქს ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ჩვენი ერის დად ჩვენი ქვეყნის სანუგეშოდ“, - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.   

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური