საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია იწყება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-12-11

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია იწყება, - პროექტის პრეზენტაციას, რომელიც დღეს თბილისის მერიამ გამართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
პრემიერმა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყისი მიულოცა ყველას და ხაზი გაუსვა ორბელიანის მოედნის განსაკუთრებულობას.
„ამ ადგილას განსაკუთრებულად იგრძნობოდა ის ჰარმონია, რომელიც თბილისს გამოარჩევს ყველა სხვა ქალაქისგან, აქ სიძველე და პროგრესი ერთმანეთს ერწყმის. "ახალი ტფილისი" არის სწორედ ამ სიძველის და სიახლის გამაერთიანებელი, შემაერთებელი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც დავით ნარმანიამ დაიწყო. განხორციელდა ძველი აღმაშენებლის რეაბილიტაცია და ის დღეს ყველასთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. დღეს კახი იწყებს თბილისის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს, რომელშიც მე მას მინდა, დიდი წარმატება ვუსურვო. ეს ადგილი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მწვანე სივრცეებით. ჩვენ ამ ადგილისგან მივიღებთ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ უბანს, რომელიც იქნება გამორჩეული და უსაყვარლესი პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთათვის და რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მიმზიდველი გახდება ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისათვის, სტუმრებისათვის. ჩვენი ვალია, დღეს, როდესაც განვითარების ახალი მოთხოვნებია, როდესაც განვითარების სისწრაფე სრულიად ახალ ტემპებს იღებს, რომ თითოეული ჩუქურთმა, რომელიც თბილისს აქვს, თითოეული შენობა, რომელიც არის ერთი ქალაქის ფასი, შემოვინახოთ, აღვადგინოთ, მოვეფეროთ და განვაახლოთ, რა თქმა უნდა. ეს პროექტი თბილისში შექმნის ინვესტიციებისთვის ახალ პლატფორმას და სახელმწიფოს მიერ ჩადებული რესურსი იქნება დამხმარე იმისათვის, რომ აქ გაჩნდეს ახალი სიცოცხლე. ახალი სიცოცხლე, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ ადგილის კოლორიტს ქმნიდნენ დღემდე, ეს არიან პირველ რიგში ამ მიდამოებში მცხოვრებლები და რა თქმა უნდა, ის ხელოსნებიც, რომლებიც „პირიმზეში" მუშაობდნენ და დღეს გადანაცვლებულნი არიან აქ სხვადასხვა შენობაში, ყველა უნდა დარჩეს აქ. ყველასთვის უნდა მოიძებნოს ადგილი იმ განახლებულ თბილისში, რომელიც ჩვენთვის იქნება მართლაც ულამაზესი და უსაყვარლესი ადგილი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყისს. ახალი წელი გვიახლოვდება, საახალწლოდ ახალი განწყობა და ახალი სიხარული გვჭირდება და დღევანდელი დღე არის სწორედ ერთი ძალიან დიდი ახალი სიხარული, რომელიც ჩვენს თბილისელებს ექნებათ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს, 2018 წელს დასრულდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური