საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

WHO საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს ეფექტურად აფასებს ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-29

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი საქართველოს მიღწევებს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მიესალმება და სფეროში განხორციელებულ მასშტაბურ რეფორმებს ეფექტურად აფასებს, - ამის შესახებ ჟუჟანა ჯაკაბმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და მზად არის, მომავალშიც განაგრძოს ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და მოსახლეობის საჭიროებებზე მეტად ორიენტირებული გახდეს.
შეხვედრისას ასევე დადებითად შეფასდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულება 2018-2019 წლებისთვის, რომელსაც დღეს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა ჟუჟანა ჯაკაბმა მოაწერეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მომავალი წლის შემოდგომაზე რომში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 68-ე სხდომაზე საპატიო სპიკერად მიიწვია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი თბილისში ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც საქართველო თავმჯდომარე ქვეყნის რანგში მასპინძლობს.

პრემიერ-მინისტრის პრესამსახური