საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-09

  2

ეს უმშვენიერესი ადგილი შეგვახსენებს, რომ ყველა ბოროტების კედელი ადრე თუ გვიან დაინგრევა - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის მოედანზე გააკეთა, სადაც ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა - საჩუქარი, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურს 2017 წლის 16 ივნისს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას გადაეცა, როგორც ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლო.
პრემიერ-მინისტრმა გერმანელ ხალხსა და გერმანიის მთავრობას ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.

„მართლაც ღირსშესანიშნავი დღეა. 2017 წელი გერმანია-საქართველოს წელია და გერმანელი ხალხის საჩუქარი ქართველ ხალხს ჩამოუვიდა საქართველოში იმის ნიშნად, რომ როგორც დასრულდა უდიდესი უსამართლობა გერმანელი ხალხის მიმართ და დაინგრა კედელი, რომელიც გერმანელ ხალხს ხელოვნურად ორად ჰყოფდა, ასევე საქართველოში ბოროტების მიერ აღმართული კედელი დაინგრევა და დაინგრევა ასევე მშვიდობიანად, ხაზს ვუსვამ, ვინაიდან ყოველთვის, როდესაც ცივილიზებული სამყარო ერთად დგება, მიზანმიმართული, სწორი ნაბიჯებით და გაბედული პოლიტიკით შესაძლებელია ასეთი შედეგის მიღწევა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვდღესასწაულობთ გერმანია-საქართველოს წელს, ასევე, მომავალ წელს გვაქვს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავი. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 100 წლის წინ გერმანიის როლი ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენებში. გერმანელი ხალხისადმი საქართველო, რა თქმა უნდა, გამოხატავს მადლიერებას 2018 წლის 26 მაისს. მე ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის, მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის როლი ამ მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაში იყო მნიშვნელოვანი და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. იმიტომ, რომ ისტორია არის ისტორია. საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ღრმავდება. მომავალ წელს ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე საქართველო არის საპატიო სტუმარი და ჩვენ დღევანდელი დღით კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ამ ორ ერს შორის ძმობისა და ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას. გილოცავთ დღევანდელ დღეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე პაიჩი და საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია.
გერმანიის ელჩმა აღნიშნა, რომ კედელი იქნება სიმბოლო იმისა, რომ ერთ დღეს საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, რადგან ეს ფრაგმენტი აჩვენებს, რომ არაფერია შეუძლებელი, მთავარია მოთმინება.
ღონისძიებას თბილისის მოქმედი მერი დავით ნარმანია და ახლად არჩეული მერი კახა კალაძე, ასევე საკრებულოს წევრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
ცერემონია დასრულდა კონცერტით, რომელზეც შესრულდა ცნობილი კომპოზიციები, რომლებიც ბერლინის კედელს მიეძღვნა ან ბერლინის კედლის ფონზე სრულდებოდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური