საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

„რთველი 2017“ ძალიან წარმატებულად ჩატარდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-10-19

 

„რთველი 2017" ძალიან წარმატებულად დამთავრდა. დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ კახეთის რეგიონში 125 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა.

ეს არის ნამდვილად თითოეული მევენახის, თითოეული გლეხის, მთლიანად საქართველოს და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმატება.

რთველის პროცესში ჩართული იყო 230 კომპანია და ყურძენი კომპანიებს 15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
მთელი ეს პროცესი იყო ძალიან ორგანიზებული, მევენახეები და მეწარმეები ფასზე შეთანხმდნენ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად და ფასი განისაზღვრა ადგილწარმოშობის, ხარისხის და სხვა ფაქტორების მოთხოვნაზე დაფუძნებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სახელმწიფოს მიერ სწორად ჩატარებული პროცესით, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა - ეს იყო ხვნისა და თესვის პროგრამა, შეღავათიანი აგროკრედიტები, აგროდაზღვევის სისტემა და, რა თქმა უნდა, ბაზრების დივერსიფიკაცია, დღეს უკვე შექმნილია ჯანსაღი სისტემა, რომელიც ძალიან წარმატებით მუშაობს.

ეს, ვფიქრობთ, ძალიან კარგი შედეგია. მინდა, მადლობა გადავუხადო მთლიანად რთველის საკოორდინაციო შტაბს და კონკრეტულად სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს ძალიან ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარებული რთველისთვის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური