საქართველო OGP-ის თავმჯდომარე გახდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-09-20

1

  სლ

 

 

აქართველო, ისტორიაში პირველად, 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის - „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თავმჯდომარე გახდა.


თავმჯდომარეობა ერთი წლით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან დღეს ოფიციალურად გადაიბარა.
მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ OGP-ის თავმჯდომარეობა და გამჭვირვალობისა და უფრო ძლიერი დემოკრატიისთვის მებრძოლი გლობალური მოძრაობის საქმიანობაში წვლილის შეტანა საქართველოს მთავრობისთვის საამაყოა.

"ჩემთვის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა, რომ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლებს შორის ვარ და გამჭვირვალობისა და დემოკრატიის უდიდესი გავლენის მქონე გლობალური მოძრაობის ახლად არჩეული თავმჯდომარის სახით მოგმართავთ. ამ პროცესში ჩვენ ბევრ თქვენგანთან ვითანამშრომლეთ. ჩვენ გავიზიარეთ თქვენი საუკეთესო გამოცდილება და დაინტერესებულ პირებთან ერთად ჩვენი წარმატების ისტორიებიც განვიხილეთ. აღმაფრთოვანებს ის წარმატება, რომელსაც OGP-ის წევრი ქვეყნები მსოფლიოს გარშემო აღწევენ - აღმაფრთოვანებს მოსახლეობის მზაობა, გააკონტროლოს საკუთარი ხელისუფლება. მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ ბევრი გაკვეთილის სწავლა მოგვიხდება - არა მხოლოდ ერთმანეთის ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან, არამედ ჟურნალისტების, მეწარმეების და კარგი მმართველობის სფეროში არსებული სხვა ლიდერებისგან", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა შეხვედრის თემაზე - "ხელისუფლების მიმართ ნდობის აღდგენა" და აღნიშნა, რომ ეს საკითხი გონივრულ, გრძელვადიან სტრატეგიას მოითხოვს.

"მოგიწოდებთ, გამოვიყენოთ ეს დრო, რათა ვიმსჯელოთ და ერთად დავფიქრდეთ, როგორც შეიძლება დემოკრატიის გადახალისება. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ, განვაგრძოთ ის საქმიანობა, რომელიც საფრანგეთის მთავრობამ წამოიწყო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ორგანიზაციის წინამორბედ თავმჯდომარე საფრანგეთს და პირადად პრეზიდენტ მაკრონს გაწეული საქმიანობის, ღია მმართველობის გაძლიერებისა და გამოწვევებთან გასამკლავებლად ყველა პარტნიორის გაერთიანების მცდელობისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თემასთან დაკავშირებული ხედვების ჩამოყალიბებისას საქართველოს მთავრობამ იხელმძრვანელა კითხვებით - რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, რომლებიც ბიუჯეტისა და მონაცემების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, კორუფციასთან ბრძოლასა და სერვისების მიწოდებაში დაეხმარება, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მოქალაქეების ცხოვრებაზე და შეაძლებინებს, გაზარდოს უკუკავშირი.

"დღეს, როდესაც ინოვაციები და ტექნოლოგიები იქცა გლობალურ ეკონომიკაში წარმატებისკენ მიმავალ გზად, თავად ღია მმართველობის განსაზღვრებაც გაფართოვდა. ჩვენი მიზანია, მივუძღვნათ ჩვენი თავმჯდომარეობა ღია მმართველობის საფუძვლების განმტკიცებას, ანუ მივცეთ ხალხს შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მათ ყოველდღურ ცხოვრებას ეხება", - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა ოთხი მიზნის მიღწევა - თანამშრომლობისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა; გამჭვირვალობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა; საჯარო მომსახურების მიწოდებაში ინოვაციების ხელშეწყობა; OGP-ის წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობის გააქტიურება.

"რაც შეეხება პირველს მიზანს, სწორედ ამ მიდგომის საფუძველზე ჩამოყალიბდა მმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის იდეა. გამოცდილება ცხადყოფს, რომ სამოქალაქო ჩართულობას, როგორც წესი, უდიდესი წვლილი მიუძღვის წარმატებული რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც პასუხობს საზოგადოების საჭიროებებს. მეორეს მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების უგულებელყოფა ზიანს აყენებს დემოკრატიას. შესაბამისად, თანათავმჯდომარის პრიორიტეტია წარმატებული გამოცდილების შესახებ კოლეგებს შორის ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა და ინოვაციების წახალისება შემდგომი გაუმჯობესების მისაღწევად;

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ გამჭვირვალობას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას გლობალურ, ეროვნულ და შიდასახელმწიფოებრივ დონეებზე. სწორედ ამას გულისხმობს მეორე მიზანი. ანტიკორუფციული რეფორმები დღესაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ის ჩვენი ფართო მიზნის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში ფუნქციური დემოკრატიის გაუმჯობესებას და გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას მოიცავს. საქართველოს კორუფციასთან ბრძოლისა და შესაბამისი ღონისძიებების, ანტიკორუფციული ზომების კოორდინირებისა და მონიტორინგის ინსტიტუციონალიზაციის დარგში დიდი გამოცდილება აქვს.
ჩვენი მესამე მიზანია საჯარო მომსახურების მიწოდებაში ინოვაციების ხელშეწყობა. საქართველოში წარმატებით განხორციელდა სწრაფი ტრანსფორმაცია. ჩვენი რეფორმების პრიორიტეტები მოიცავს საჯარო მომსახურებაზე დაუბრკოლებელ და ეფექტიან ხელმისაწვდომობას მათთვისაც კი, ვინც ცენტრისგან დაშორებულ სოფლებში ცხოვრობენ. ეს ძალისხმევა აახლოებს ადმინისტრაციას მოქალაქეებთან, რადგან მომსახურების მიწოდება სწორედ მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული. გამოცდილება ცხადყოფს, რომ საჯარო მომსახურების სტრუქტურისა და ხარისხის გაუმჯობესება, რასაც ემატება უკუკავშირის უზრუნველყოფის გზით საზოგადოების თანამონაწილეობისკენ გამიზნული ნაბიჯები, აძლევს მთავრობას შესაძლებლობას, დააკავშიროს ერთმანეთთან უკლებლივ ყველა მოქალაქე. ჩვენთვის სასიხარულოა თანამშრომლობა OGP-ის წევრ ქვეყნებთან ახალი იდეების შექმნაზე და საჯარო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, რათა ჩვენ უკეთ ვუპასუხოთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს.
ჩვენი მეოთხე მიზანია OGP-ის წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობის გააქტიურება. საწყისი წერტილი ყველასთვის საერთო ვერ იქნება და ჩვენ შეიძლება განსხვავებული პრიორიტეტებიც გვქონდეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, OGP-ის გაძლიერება არის ის საერთო ინტერესი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, OGP დღეს გარდამტეხ ეტაპზეა და ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა OGP-ის პოზიციის განსამტკიცებლად, რომელიც წარმოადგენს ღიაობისა და ძლიერი დემოკრატიისთვის მოღვაწე მძლავრ გლობალურ მოძრაობას და სამოქალაქო სივრცის ჩახშობისა და ხელისუფლებისადმი უნდობლობის გაღვივების საპირწონე მებრძოლ ძალას.
"OGP-ის მთავარი ღირებულებების გაცხადებისას აუცილებლად უნდა გამოვყოთ მმართველობისადმი ინკლუზიური მიდგომის მნიშვნელობა, როგორც ღიაობის მიღწევაში შედეგების ინდიკატორი.
საქართველოსთვის საამაყოა, რომ ის არის იმ რამდენიმე ქვეყანიდან ერთ-ერთი, სადაც ხელისუფლების ყველა შტო აქტიურად არის ჩართული "ღია მმართველობის პარტნიორობის"პროცესში. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ეროვნულ დონეზე ყოვლისმომცველმა მიდგომამ უკვე შეიტანა წვლილი ქვეყანაში წარმატების მიღწევაში. შესაბამისად, ადგილობრივად OGP-ის კოლექტიური გათავისების გაფართოების მიზნით, ჩვენ მოვუწოდებთ OGP-ის მონაწილე ქვეყნებს, აამაღლონ ღიაობის სტანდარტები სასამართლო, საპარლამენტო და შიდასახელმწიფოებრივ დონეებზე.

მადლობას მოვახსენებ ყველა ქვეყანას ამ ნდობისთვის და პარტნიორობის თავმჯდომარედ არჩევისთვის. საქართველო მზად არის, ყველა რესურსი გამოიყენოს თავისი თავმჯდომარეობის პერიოდის წარმატების უზრუნველსაყოფად. მჯერა, გლობალიზაციის ეპოქის წარმატება ვერ მიიღწევა გლობალური პარტნიორობისა და ურთიერთმხარდაჭერის გარეშე", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა OGP-ის თავმჯდომარეობა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური