საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის შესასვლელში ქვევრი დაიდგა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-09-14

ქვევრი დღეიდან ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის მუდმივი ექსპოზიციის ნაწილია - "იუნესკოს" მიერ, „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის" მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებასთან დაკავშირებით, ბორდოში Cité des Civilisations Du Vin-ის  ცენტრალურ შესასვლელში დიდი ზომის ქვევრი განთავსდა.

ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო, რომელმაც დღეს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გამოფენა - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი" გახსნა.

საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელმაც  მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელია.

უკვე მეცნიერულად დადასტურებულია, რომ საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს, არსებობს მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია და საქართველოში აღმოჩენილი ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი ძვ.წ. VI-V ათასწლეულებს განეკუთვნება; 7 ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა, 3-წლიანი კვლევის შედეგად დაადასტურეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური