საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და EBRD-ის პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები ამოსაბეჭდი ვერსია

2017-09-06

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

მოგესალმებით,

მინდა მივესალმო ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს მეგობარს, სერ სუმა ჩაკრაბარტის და დიდი მადლობა გადავუხადო მას ვიზიტისთვის. იგი უკვე მესამედ იმყოფება საქართველოში, რაც მისი განსაკუთრებული მხარდაჭერის დადასტურებაა.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, განვიხილეთ მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და ასევე სამომავლო პერსპექტივები.

მოგეხსენებათ, EBRD არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. საქართველოსა და EBRD-ის შორის თანამშრომლობა უკვე ითვლის 25-წლიან ისტორიას. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ბანკის 200-ზე მეტი პროექტი და დაახლოებით 3 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. ეს ნამდვილად არის უპრეცედენტო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან საქართველოს თანამშრომლობის ისტორიაში. EBRD-ისგან მიღებული მხარდაჭერის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე, საქართველო არის ლიდერი.

ბანკის მიერ დაფინანსდა ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტები ისეთ სექტორებში, როგორიც არის ენერგეტიკა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. უმნიშვნელოვანესია EBRD-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციები კერძო სექტორში.

ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა გამოიხატება იმაშიც, რომ EBRD ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს მისი პრიორიტეტული მიზნების მიღწევაში. ძალიან მნიშვნელოვანია ევრობანკის მხარდაჭერა ჩვენი მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებაში. ბანკის ახალი სტრატეგია ორიენტირებულია სწორედ ოთხპუნქტიანი გეგმის მხარდაჭერაზე.

მინდა აღვნიშნო, რომ EBRD აქტიურად ნერგავს ნოვატორულ პროდუქტებს საქართველოს ეკონომიკაში. ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინოვაციურ პროექტებს შორის ხაზგასასმელია EBRD-ის მიერ ადგილობრივ ბაზარზე ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ემისია. აღნიშნულმა ინიციატივამ სტიმული მისცა სხვა საფინანსო ინსტიტუტებს მსგავსი პროექტების განსახორციელებლად.

გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ მოხდა საერთაშორისო ბაზარზე ლარის ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რამაც ასევე მისცა სტიმული სხვა ორგანიზაციებს. აღნიშნული პროდუქტები არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკის ზრდის მხარდასაჭერისა და საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის.

მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, EBRD-ის წვლილი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. ბანკის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა გახლავთ.

ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია EBRD-ის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მხარდამჭერი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბანკებს მიეცათ შესაძლებლობა, ბიზნესის დაფინანსება განახორციელონ ეროვნულ ვალუტაში. ეს პროექტი ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეს გახლავთ ახალი, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების მხარდაჭერა. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია 110 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზის გამოყოფა ლარში.

გარდა საინვესტიციო პროექტების თანადაფინანსებისა, ძალიან მნიშვნელოვანია EBRD-ის მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმების პროცესში.

მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება გახლავთ მმართველობითი რეფორმა, რომლის მიზანია ინკლუზიური მმართველობის პრინციპების დანერგვა, როდესაც მთავრობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, კერძო სექტორთან და ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციას აწარმოებს. სწორედ ამ კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანი იყო EBRD-ის მხარდაჭერა ინვესტორთა საბჭოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. საბჭოს ფორმატში, მთავრობა, ბიზნესსექტორთან ერთად, განიხილავს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ სისტემურ საკითხებს.

ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციისათვის EBRD-ის მხარდაჭერით თანამედროვე ავტობუსების შეძენა, რომელიც განკუთვნილია ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის; ასევე, დაგეგმილია ბათუმისთვის 10 ელექტროავტობუსის შეძენა. ელექტროავტობუსების პროექტი იქნება პირველი ამგვარი პროექტი EBRD-ის დაფინანსებით და ასევე პირველი ასეთი პროექტი რეგიონში.

ბანკის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საფინანსო სექტორის განვითარება და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების მხარდაჭერაა, რაც ასევე, ჩვენი რეფორმების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია.

EBRD-ის მხარდაჭერით შეიქმნა კერძო-საჯარო თანამშრომლობის საკანონმდებლო ჩარჩო, ე.წ PPP ჩარჩო-დოკუმენტი და დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმის ერთობლივად განხორციელება.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში, EBRD გამოვიდა ინიციატივით, სხვა დონორებთან ერთად დაეხმაროს საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის კომპონენტში, რათა შეიქმნას კომერციული პალატების სისტემა და მოხდეს მოსამართლეების პროფესიული მომზადება კომერციული პალატების სისტემისათვის. დარწმუნებული ვარ, უკვე მიღწეული წარმატებები მომავალი ეფექტური თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იქნება.

მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ სუმას, EBRD-ის გუნდს, ასევე - EBRD-ის ადგილობრივ ოფისს გაწეული სამუშაოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ მომავალში კიდევ უფრო ამბიციური და ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს საქართველოს განვითარებაში EBRD-თან ერთად.
დიდი მადლობა!

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი:


პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა.

შევეცდები, დიდი დრო არ წაგართვათ. ეს ჩემი მესამე ვიზიტია საქართველოში - 2013 და 2015 წელს ჩვენ გვქონდა ყოველწლიური შეხვედრა აქ თბილისში. 2017 წელსაც აქ ვიმყოფებით. პრემიერ-მინისტრთან, ფინანსთა და ენერგეტიკის, იუსტიციისა და ეკონომიკის მინისტრებთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრები გაიმართა. ჩვენ შევხვდით კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც. გულწრფელად შემიძლია აღვნიშნო, რომ EBRD-სა და საქართველოს შორის ურთიერთობამ ნამდვილად მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია. სტრატეგიული პარტნიორობა უკვე მრავალი წლის მანძილზე ვითარდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ უკვე 3 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიცია განვახორციელეთ ამ წლების მანძილზე. გარდა ამისა, აღნიშვნის ღირსია ინოვაციური მიდგომების სიმრავლე ჩვენს ურთიერთობებში. საქართველოში განხორციელებული პროექტების, ინვესტიციებსა და კერძო სექტორთან დაკავშირებული ღონისძიებების იმპლემენტირებას სხვა ქვეყნებშიც ვცდილობთ. მტკიცედ მწამს, რომ არსებული მდგომარეობა საქართველოს გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყნების შემდეგი ტალღის ლიდერად აქცევს - იმ ევროპული ქვეყნების შემდეგ, რომელთანაც 90-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში ვთანამშრომლობდით. საქართველო ახალი ტალღის ლიდერია. რამ განაპირობა ეს შედეგი? პირველ რიგში, აღსანიშნავია შესანიშნავი ეკონომიკური მენეჯმენტი. საქართველოს, განსაკუთრებით უკანასკნელი წლების ეკონომიკის მენეჯმენტის შეფასებისას, უნდა აღვნიშნოთ ფინანსთა მინისტრისა და ცენტრალური ბანკის, ასევე, მთლიანად მთავრობის წვლილი. ფანტასტიკური შედეგია. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ საქართველო გადააჭარბებს EBRD-ის წლევანდელ და მომავალი წლის პროგნოზს. დარწმუნებული ვარ, საქართველო გადააჭარბებს EBRD-ის წლევანდელ პროგნოზს, რომელიც დაახლოებით 3,8%-ს შეადგენს, მით უმეტეს, რომ საქართველომ უკვე მიაღწია 4%-ზე მაღალ ზრდას. მიგვაჩნია, რომ საქართველო მომავალი წლის პროგნოზსაც გადააჭარბებს და 4%-ზე მაღალ ზრდას აჩვენებს. ნოემბერში შევძლებთ ჩვენი ახალი პროგნოზი გაგიზიაროთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, ჩვენს საოპერაციო ქვეყნებთან შედარებით, სწრაფ ზრდას განაგრძობს.

მეორე საკითხი, რომელიც აღნიშვნას მოითხოვს, შეეხება საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას კერძო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის EBRD-თან, ინვესტორთა საბჭოს ფორმატით. ეს უზრუნველყოფს ბიზნესკლიმატის შემდგომ გაუმჯობესებას და წაახალისებს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს, მეტად დაინტერესდნენ ამ ქვეყნით. ძალიან მიხარია, რომ უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე საქართველოს პოზიციები ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით გაუმჯობესდა და მოწინავე ადგილი დაიკავა იმ ქვეყნებთან შედარებით, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ. ამ გარემოებამ, საქართველოს პროგრესმა საშუალება მოგვცა, მეტი ინვესტიცია განგვეხორციელებინა ამ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, 2016 წელი რეკორდული მაჩვენებლით გამოირჩეოდა - 17 პროექტის ფარგლებში 250 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ეს EBRD-თვის ნამდვილად რეკორდული მაჩვენებელი იყო საქართველოს მასშტაბით. 2016 წელს განხორციელებული ინვესტიცია ძალიან ბევრ ინოვაციას და სიახლეს მოხმარდა. მაგალითად, 80 მილიონი ევროს ინვესტიცია კერძო სექტორის წარმომადგენლების ძალიან ფართო სპექტრს მოხმარდა. მათ შორისაა ჯანდაცვა, აგრობიზნესი, ტელეკომუნიკაციები, საკუთრება და ტურიზმი. ელექტროენერგიის კუთხით შეიქმნა კავკასიაში პირველი ქარის ენერგიის სადგური გორში. ამგვარი სადგური პირველია კავკასიაში. მუნიციპალურ სექტორში სამი უნიკალური პროექტის ფარგლებში 40 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორისაა ლურჯი ავტობუსები აქ, თბილისში, რომელთა შესახებაც ყველამ იცის; მყარი ნარჩენების შესაგროვებელი ავტომანქანები ქვეყნის მასშტაბით, ქობულეთში კი აშენდა წყლის გადამამუშავებელი ქარხანა. ტრანსპორტის კუთხით გაფორმდა სუვერენული სესხი, რომელიც მოხმარდება სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის მშენებლობას - ეს იქნება საზღვრის კვეთის წერტილი, რეგიონული ეკონომიკის დამაკავშირებელი გზა. ძალიან ვამაყობ შემდეგი მიღწევით, რომელიც ფინანსურ სფეროში განხორციელდა - „საქართველოს ბანკსა" და „TBC ბანკთან" თანამშრომლობის შედეგად, ამოქმედდა პირველი პროექტი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ფარგლებში. მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავი მიღწევაა, რადგან ამ გზით ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები შეძლებენ, ევროკავშირის სტანდარტებს მიაღწიონ - ეს დაახლოების პროცესს შეუწყობს ხელს. პროცესს რამდენიმე წელი დასჭირდება, თუმცა ეს ნიშნავს, რომ ქართული კომპანიები გაცილებით უფრო სწრაფად მიაღწევენ სასურველ დონეს და ევროკავშირში ექსპორტისთვის იქნებიან მზად. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება მომავალს - პრემიერ-მინისტრს მოეხსენება, რომ გასულ დეკემბერს ჩვენმა საბჭომ განიხილა და ხელი მოაწერა, ქვეყნის სტრატეგიას, რომელიც ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელია. ამ დოკუმენტს ოთხი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს. პირველ რიგში აღსანიშნავია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა. ჩვენი სამუშაოს ნაწილი, რომელიც კერძო სექტორზე ორიენტირდება, მიზნად ისახავს ქართული კერძო სექტორის მაქსიმალური კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფას. რა თქმა უნდა, ბიზნესკლიმატის ცვლილება ამ კუთხით ძალიან გვიწყობს ხელს. იგივე შეიძლება ითქვას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით გათვალისწინებულ ინდიკატორებზე. თუმცა, ჩვენ განსაკუთრებით ვკონცენტრირდებით სოფლის მეურნეობის, სასტუმრო და ინოვაციების ინდუსტრიებზე. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ამ პროცესში უნდა ჩაერთოს საქართველოს მთელი მოსახლეობა. არავის უნდა შეეზღუდოს დაფინანსებაზე წვდომა. გუშინ „მატერიას" ვესტუმრე და მოხარული ვიყავი, რომ დაქირავებული პირები და მენეჯმენტი გაცილებით უფრო მეტი ქალისა და ჩემი თაობის წარმომადგენლისაგან იყო დაკომპლექტებული. ძალიან სასიამოვნოა ამგვარი განვითარების ხილვა.

ჩვენ გვსურს, გავაკეთოთ მეტი ადგილობრივი ვალუტის გასესხებისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით. ამ მიმართულებით ჩვენ ქართულ ხელისუფლებასთან ვმუშაობთ. საქართველო, რა თქმა უნდა, ყოველთვის გამოირჩეოდა EBRD-თვის, ადგილობრივი ობლიგაციების გამოშვების გამო. ამაზე მუშაობა ჩვენ 2014 წელს დავიწყეთ.

ჩვენ გვსურს გაცილებით მეტის გაკეთება კონკრეტული უპირატესობის მისაღწევად, რათა საქართველომ მეტად გამოიყენოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა, მისი რეგიონთაშორისი კავშირები. მიმაჩნია, რომ საქართველოს უნდა დავეხმაროთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა მან უკეთ აითვისოს არსებული გეოგრაფიული მდებარეობა სამხრეთ კავკასიაში და კავშირები ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

გარად ამისა, საქართველოში სტუმრობისას ყოველთვის აღვნიშნავ, რომ კარგია, რომ თქვენ ნავთობისა და გაზის ქვეყანა არ ხართ, რადგან ეს დამატებით წნეხს ქმნის. თუმცა თქვენ გაქვთ წყალი და წყლის, როგორც ეკონომიკური რესურსის მაქსიმალურად გამოყენების პოტენციალი. ამასთან, მიმაჩნია, რომ ჰიდროენერგიისა და ზოგადად, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ენერგეტიკის მინისტრთან ამ მიმართულებით ვმუშაობთ და მეტ ინვესტიციას ველი ჰიდროენერგეტიკის სფეროში. ძალიან მოხარული ვარ შუახევის პროექტით, მოუთმენლად ველი „ნენსკრას" პროექტსა და მომავალ წლებში დაგეგმილი სხვა პროექტების განხორციელებას. გვაქვს დიდი დღის წესრიგი.
საბოლოოდ მინდა აღვნიშნო, რომ გვაქვს კარგი იმპულსი, რომელიც არ უნდა შენელდეს და არც შენელდება, რადგან აქ, საქართველოში არსებობს მთავრობა, რომელსაც ეკონომიკური და სხვა რეფორმების გაგრძელება სურს, რათა ეს ქვეყანა უფრო ევროპულ სახელმწიფოდ აქციოს. EBRD შეეცდება, შესაბამისი დახმარება გაუწიოს საქართველოს. ჩვენ არ დავიშურებთ რეკომენდაციებს პოლიტიკის საკითხებზე, თუმცა ინვესტირებასაც განვაგრძობთ. ჩვენს ჯგუფს დიდი სამუშაოს გატარება აქ არ უწევს. საქართველო მოწინავე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც მუშაობა და ინვესტიციის განხორციელება გვიხდება. პრემიერ-მინისტრთან საუბრისას, ბრუნო ბალვანერასა და მის კოლეგებს საკმაოდ დიდი დავალება მივეცით - საქართველო აბსოლუტურ ლიდერად უნდა იქცეს. ეს შესანიშნავი ჯგუფი აქ ასრულებს მნიშვნელოვან სამუშაოს ლონდონის ოფისთან ერთად, რადგან გვყავს არაჩვეულებრივი პარტნიორები, შესანიშნავი მთავრობა, რომელთანაც თანამშრომლობა შეგვიძლია.