საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტს გამოეხმაურა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-08-03

საქართველოსთვის ძალისმიერად წართმეული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობის პოლიტიკის გაგრძელება - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები.

პრემიერმა, სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, რუსეთთან არსებული კონფლიქტის კონსტრუქციულ რეჟიმში დარეგულირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში შევძლოთ, რომ რუსეთთან პოლიტიკურად დავარეგულიროთ ჩვენი კონფლიქტი და რა თქმა უნდა, ოკუპირებული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა შევარიგოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამ ამოცანის წარმატებით განხორციელებაში არც ერთ ჩვენგანს და მე პირადად რა თქმა უნდა ეჭვი არ მეპარება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური