საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა სწავლების - “ღირსეული პარტნიორი” მონაწილეებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-08-01

12

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მრავალეროვნული სწავლების- "ღირსეული პარტნიორი" მონაწილე სამხედროებს შეხვდა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო. მრავალეროვნულ სწავლებას- „ღირსეული პარტნიორი" საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს. ამჯერად სწავლება გაცილებით ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა მონაწილეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღონისძიებაზე დამსწრე ჟურნალისტებთან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი შეაჯამა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს აქვს უდიდესი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რაც არის ისტორიული შანსი.
"ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მისამართით.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი საგარეო პრიორიტეტების მხარდაჭერისა და ქვეყნის გაძლიერების კუთხით ამერიკა იყო, არის და იქნება ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის. ეს ვიზიტი სწორედ ამის დადასტურებაა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მადლიერების გრძნობა ვიცე-პრეზიდენტის მიმართ, რომ მის პირველ ევროპულ ტურნეში საქართველო შედის ესტონეთთან და მონტენეგროსთან ერთად. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს უდიდესი მადლიერების გრძნობა პრეზიდენტ ტრამპის მიმართ, რომლის გზავნილებიც ჩამოიტანა ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა დაინახა, რამხელა მხარდაჭერა აქვს აშშ-სგან ჩვენს ქვეყანას და ეს არის ნამდვილად ისტორიული შანსი საქართველოსთვის,"-განაცხადა პრემიერმა.
დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. მაიკ პენსი საქართველოში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით იმყოფებოდა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური