საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი იერუსალიმში JVP-ის სათავო ოფისში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ფონდ Jerusalem Venture Partners (JVP)-ის სათავო ოფისში იმყოფებოდა. JVP-ის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნოა სეგრემ და ფონდის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს დეტალურად გააცნეს თავიანთი საქმიანობის მიმართულებები და სპეციფიკა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. JVP-ის წარმომადგენლებმა საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის, დამწყები ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებისა და საქართველოს ტექნოლოგიური პარკის საქმიანობის შესახებ. ვენჩურული კაპიტალის საერთაშორისო ფონდი Jerusalem Venture Partners (JVP), რომლის სათავო ოფისი იერუსალიმში მდებარეობს, დაფუძნებულია 1993 წელს და ძირითადად, ორიენტირებულია დამწყებ კომპანიებში ინვესტირებაზე - ციფრული მედიის, საწარმოების პროგრამული უზრუნველყოფის, სასაწყობე მეურნეობების და კიბერუსაფრთხოების განვითარების მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური