საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-24

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაური, იერუსალიმში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მუზეუმში იმყოფებოდა. პრემიერმა მუზეუმი დაათვალიერა, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და  სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა, გამოვხატო თანაგრძნობა და ასევე, აღტაცება ებრაელი ხალხის შეუპოვრობით და სიმტკიცით მაშინ, როცა მან თავისი ისტორიის მანძილზე არაერთხელ გამოიარა ნამდვილი ჯოჯოხეთი. ეს ერი არა მხოლოდ გადარჩა, არამედ უზრუნველყო კიდეც ამ დიადი ქვეყნის გრძელვადიანი მშვიდობა და განვითარების პერსპექტივა. გარდა ამისა, გამოვხატავ ებრაელთა მიმართ ქართველი ხალხის განსაკუთრებულ გრძნობებს - მეგობრობასა და სოლიდარობას, რომელიც კიდევ უფრო განმტკიცდება მომდევნო 26 საუკუნის განმავლობაში", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი დღეს ასევე იმყოფებოდა იერუსალიმის ერების ხეივანში, სადაც ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად, ორი ქვეყნის მეგობრობის აღსანიშნავად ხე დარგო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური