საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერმა კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-23

"საქართველოს ეკლესიას უდიდესი ძალა გააჩნია, რომლის გამოყენებით ჩვენმა ერმა მოახერხა გადარჩენილიყო საუკუნეების განმავლობაში  და შეენარჩუნებინა იდენტობა," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოფელ სნოში, ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

გიორგი კვირიკაშვილმა პატრიარქის განსაკუთრებულ ღვაწლზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოს სამოციქულო  ეკლესიის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.

"მე ძალიან კარგად მახსოვს 1977 წლის 25 დეკემბერი, როდესაც მქონდა ბედნიერება, დავსწრებოდი მისი უწმინდესობის აღსაყრდებას. მაშინ 10 წლის ვიყავი. ოთხი ათწლეული გავიდა მას შემდეგ და მინდა, როგორც ერთმა ქრისტიანმა ადამიანმა, მადლობა გადავუხადო მის უწმინდესობას, იმისთვის, რომ მან უამრავ ქარტეხილში ხელში აყვანილი და გულში ჩახუტებული გამოატარა ჩვენი ერი.  ჩვენი ერისთვის  ეკლესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მართლმადიდებლურ რწმენას  არ აქვს მხოლოდ რელიგიური დანიშნულება. ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ეკლესია ისეა გადაწნული ერთმანეთში, როგორც წმინდა ნინოს ჯვარი იყო შეკრული წმინდა ნინოს ნაწნავით. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია არის დამოუკიდებელი, საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა და ვფიქრობთ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც არის უნიკალური მსოფლიოში. ამ მოდელის განმტკიცებისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს, რომლის სიტყვასაც უდიდესი ძალა აქვს მთელი ერისთვის,"- განაცხადა პრემიერმა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური