საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ამბასადორიალი 2017-ზე ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-18

 

ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო მინისტრო, მოგესალმებით, მივესალმები მინისტრთა კაბინეტის წევრებს, დეპუტატებს, და რა თქმა უნდა ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს!

თქვენ ნამდვილად უმნიშვნელოვანესი როლი გაკისრიათ ჩვენი ქვეყნის წინსვლის საქმეში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადაგიხადოთ ზზალიან მძიმე და მნიშვნელოვანი შრომისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით. თქვენ ბრძანდებით გარანტი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო წარმატებებისა.

დღევანდელი ტურბულენტური და ხშირ შემთხვევაში, არაპროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო გახლავთ უდიდესი გამოწვევებისა და რისკების წყარო, მოგეხსენებათ და განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ამგვარ გარემოში ნამდვილად, საფრთხეების თავიდან აცილება და თითოეული შესაძლებლობის გამოყენება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობა იძენს ჩვენი ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ის ფაქტი, რომ წარმატებით გაუმკლავდეს საერთაშორისო გამოწვევებს, რა თქმა უნდა, მნინშვნელოვანია და ამ საქმეში დილომატიის როლი არის განსაკუთრებული. მართლაც, საქართველოს შეუძლია, იამაყოს, რომ ჰყავს ძალიან მაღალპროფესიონალი და პატრიოტულად განწყობილი დიპლომატიური კორპუსი.

საქართველომ, ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმებით, პრაქტიკულად ყველა სფეროში ზზალიან დიდი ნაბიჯები გადადგა. განვლილი წლები ძალზე მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის განვითარებისთვის და დემოკრატიის განმტკიცებისთვის. აღსანიშნავია ის თანმიმდევრული წინსვლა, რომელსაც განაგრძობდა ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის განმტკიცების, ინსტიტუტების გამჭვირვალობის გაუმჯობესების და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კუთხით. ჩვენი ქვეყნის წარმატებების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა წარმოუდგენელი იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს უკლებლივ ყველა თანამშრომლის დაუღალავი შრომის გარეშე.

ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის ნათელი გამოხატულება იყო გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები, რომელმაც ერთხმად დადებითი საერთაშორისო შეფასება მიიღო.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო გამოკვეთილ რეგიონულ ლიდერად იქცა დემოკრატიის კონსოლიდაციის თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას, კარგ მმართველობასა და სასამართლო სისტემის მზარდ დამოუკიდებლობას.

საქართველო საფუძვლიანად ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას. „ასოცირების ხელშეკრულებისა" და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის" ფარგლებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობები ყოველწლიურად უფრო და უფრო ღრმავდება, ვითარდება და ახალ სიმაღლეებს იძენს. უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის, ევროპული ინსტიტუტების და ცალკეული ქვეყნების წვლილი საქართველოში დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების წარმატებით გატარებაში.

მიმდინარე წლის 28 მარტი შევა საქართველოს ისტორიაში როგორც ევროპასთან დაახლოების უმნიშვნელოვანესი თარიღი. ამ დღეს ამოქმედდა უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, და საქართველოს მოქალაქეებისთვის 26 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობა გახდა შესაძლებელი. ამ ნაბიჯის სიმბოლიზმისა და პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს და ევროპას, გაღრმავდება პროფესიული და ადამიანური კავშირები ევროპის ქვეყნებთან.

გასულმა წელმა კიდევ უფრო უალტერნატივო გახადა საქართველოს ევროპული გზა, რომელსაც საზოგადოების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ამგვარად, ევროკავშირთან ურთიერთობებში შემდგომი პროგრესის მიღწევა, ჩვენი მთავრობის პრიორიტეტებთან ერთად, არის ქართული საზოგადოების დაკვეთის შესრულება და მაღალი მოლოდინებისადმი ხელისუფლების ერთგულება.

შედეგზე ორიენტირებული მოქნილი დიპლომატიის ნათელ მაგალითად შეგვიძლია ჩავთვალოთ ჩვენი ურთიერთობების დინამიკა აშშ-ის, ევროპის და ზოგადად საქართველოს მეგობარ დასავლეთის სახელმწიფოებთან.

საქართველოს პროფესიულმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ მოიტანა ის, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გარდამავალმა პერიოდმა ძალზე პროდუქტიულად ჩაიარა საქართველოსთვის. მაისის თვეში ვაშინგტონში ჩემმა ვიზიტმა და შეხვედრებმა ხელისუფლების უმაღლეს პირებთან, მათ შორის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან, სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან, სხვა მინისტრებთან, კონგრესემენებთან და სენატორებთან კიდევ ერთხელ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები გახლავთ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებსა და ჩვენი ქვეყნის შიდა განვითარების დღის წესრიგს. ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს უახლოეს მომავალში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში სტუმრობა.

2016 წელს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატმა - „უორდროპის დიალოგმა" სტრატეგიული ფორმატის სახე შეიძინა.

2017 წლის საქართველო-გერმანიის წლად გამოცხადება ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ისედაც ტრადიციულად მყარ ურთიერთობას ოფიციალურ ბერლინთან. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე გერმანია გახლავთ ჩვენი ევროპული ფასეულობებისა და მისწრაფებების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი.

მნიშვნელოვანია ასევე აქტიური თანამშრომლობა დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან, ასევე - აღმოსავლელ პარტნიორებთან, აღმოსავლეთ ევროპის ტრადიციულად საქართველოს ძლიერ მხარდამჭერ ქვეყნებთან, როგორებიცაა ბალტიისპირეთის წარმომადგენელი ქვეყნები, ვიშეგრადის ქვეყნები, ასევე - სკანდინავიის ქვეყნები და სხვა პარტნიორები. ასევე მნიშვნელოვანია 2008 წლის შემდეგ პოსტკონფლიქტურ სიტუაციაში შვეიცარიის განსაკუთრებულიროლი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს პარტნიორებს დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ურყევი მხარდაჭერისათვის.

განსაკუთრებულია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სწორედ ჩვენი ევროპელი პარტნიორების ძალისხმევითა და დახმარებით გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. მათი გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით გვეხმარება ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებასა და ნამდვილი ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაში.

ჩვენს ქვეყანაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს უპირობო აღიარებად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მჭიდრო პარტნიორად. საქართველო აღიარებულია როგორც ევროპული დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მთლიანად იზიარებს ალიანსის ღირებულებებს და მზად არის, წევრობის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები იკისროს. მაისის საპარლამენტო ასამბლეა ორგანიზაციის თითქმის 70-წლიან ისტორიაში იყო სულ მეხუთე შემთხვევა, როდესაც ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება არაწევრ სახელმწიფოში ჩატარდა. ოთხივე ის ქვეყანა, რომელმაც მანამდე ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლა, დღეს ორგანიზაციის წევრი გახლავთ.

გასული წელი ჩვენი ეკონომიკური დიპლომატიის წარმატებით აღინიშნა. ამ მიმართულებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორიოდე თვის წინ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა. ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული გახდება საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის, მეწარმეობის განვითარებისთვის და ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდისთვის.

ღრმავდება საქართველოს ურთიერთობები აზიის სხვა ქვეყნებთან, რაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო ინტეგრირებულს გახდის მსოფლიო ეკონომიკაში. ეს პოზიტიური დინამიკა დიდწილადაა განპირობებული პროაქტიული წარმატებული ეკონომიკური დიპლომატიით.

ინტენსიურად მიმდინარეობს საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან. ზუსტად ერთი წლის წინ, 19 ივლისს ჩამოყალიბდა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო, რომლის ფარგლებშიც გაიმართა რამდენიმე შეხვედრა და რიგი მნიშვნელოვანი დოკუმენტები იქნა მიღებული. მნიშვნელოვანი შეხვედრები და ხელშეკრულებები გაფორმდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან, ასევე ჩვენს მეზობელ სომხეთთან. ასევე, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს ირანთან, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვანი ქვეყანა გახლავთ ამ თვალსაზრისით. ამ ყველაფერმა ჩვენს რეგიონში ეკონომიკურ ზრდას და მშვიდ გეოპოლიტიკურ ვითარებას უნდა შუეწყოს ხელი.

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია კვლავაც რჩება საქართველოს განვითარების პროცესის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად. სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მავთულხლართების და ბანერების უკანონო დამონტაჟებას. ნათელია, რომ ჩვენს მიერ დასავლეთისკენ გადადგმული პრაქტიკულად ყოველი ნაბიჯი ხდება რუსეთის მხრიდან ამგვარი აგრესიული ქმედებების მიზეზი.

ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი დიპლომატების დაუღალავი შრომა და ღვაწლი, რომელიც გამოიხატა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაში. ქართული დიპლომატიის ძალისხმევით, საქართველოს ოკუპაციის პრობლემატიკა საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან აქტიურად არის წარმოდგენილი.

კერძოდ, მინდა აღვნიშნო ბოლო წლებში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი დიპლომატიის წარმატებული ძალისხმევა:

 მიმდინარე წელს გაერო-ს უშიშროების საბჭოში სამჯერ გაიმართა უმაღლესი დონის დებატები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ;
 გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში პირველად იქნა მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხმაურება;
 კიდევ უფრო გაიზარდა მხარდაჭერა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ყოველწლიურად ინიცირებულ რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსს შეეხება;
 უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ევროპის საბჭოში, სადაც რუსეთს დაეკისრა სამართლებრივი პასუხისმგებლობა, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას;
 რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ აღნიშნულ სიტუაციაზე არაერთგზის გაიმართა მსჯელობა ეუთოს ფარგლებში, სადაც რეგულარულად კეთდება საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, მათ შორის საქართველოს მეგობართა ჯგუფის მხრიდან;
 საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გამყარების კუთხით უმნიშვნელოვანესი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის კანონში პირველად გაჩენილი ჩანაწერი, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, თუ რომელიმე ქვეყანამ აღიარა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები, იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა ვერ ისარგებლებს აშშ-ის მხრიდან გამოყოფილი დაფინანსებით.

ამრიგად, ჩვენი ქვეყნისადმი და მისი სუვერენიტეტისადმი მზარდი მხარდაჭერის ფონზე, ჩვენ გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო თანამეგობრობას და ჩვენს ძირითად პოლიტიკურ პარტნიორებს მტკიცე მხარდაჭერისთვის. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ მხოლოდ და მხოლოდ თანმიმდევრულობა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების აღსრულების მიმართულებით არის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მიიყვანს საქართველოს სასურველ მიზნამდე.

სწორედ ამიტომ, მომავალი წელი უკიდურესად საპასუხისმგებლო იქნება ჩვენი დიპლომატიური კორპუსისთვის. ბევრი ფაქტორი მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფოს მომავლისათვის გადამწყვეტი დრო დგება და ჩვენი წარმატება დიდწილად იქნება დამოკიდებული ქმედითი საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაზე, რისი მიღწევაც მხოლოდ აქტიური და შედეგზე ორიენტირებული დიპლომატიით არის შესაძლებელი.

დიდი მადლობა ყურადღებისათვის და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით, იმ საკმაოდ მძიმე სამუშაოსთვის, რომელსაც თქვენ ეწევით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად!