საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“ ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-13

მოგესალმებით ყველას,
ბატონო პრეზიდენტო,
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
მივესალმები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ მაროშ შევჩოვიჩს,
ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჰუდაკს,

მივესალმები აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს და ყველა სტუმარს, რომელიც ჩამოვიდა მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში და ესწრება ამ ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა", რომელიც უკვე არაერთხელ გაიმართა. ძალიან სასიხარულოა, რომ ამ წლების განმავლობაში ეს კონფერენცია იქცა რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმად, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებს განიხილავს.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის წლევანდელი კონფერენცია განსაკუთრებულია, რადგან პირველად ტარდება მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა ამოქმედდა. ეს საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის წარმატებაა, ეს არის თითოეული მოქალაქის კუთვნილება და პოლიტიკოსთა დიდი შრომის შედეგი.

ამ წარმატებას წინ უძღოდა მასშტაბური რეფორმები, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონმდებლობის ფუნდამენტური გარდაქმნის კომპლექსური პროცესი, რაც მიზნად ისახავდა ევროპულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტანდარტებთან დაახლოებას. ეს გზა არ იყო ადვილი, იყო მნიშვნელოვანი გამოწვევები, თუმცა უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენს ძალისხმევას ფუჭად არ ჩაუვლია - დღეს უკვე გვაქვს ძალიან კონკრეტული და ხელშესახები შედეგები. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვანი გზავნილია თითოეული ქართველისთვის, თითოეულუ ჩვენი მოქალაქისთვის რადგან ეს ჩვენს ღირსებასა და ეროვნულ სიამაყეს ეხება, და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამან განგვიმტკიცა რწმენა, რომ საქართველო ევროპის ნაწილი და სრულფასოვანი ევროპული სახელმწიფოა.

უვიზო მიმოსვლა პოზიტიური გზავნილია ჩვენი იმ მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ - მათ გაუჩნდათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რაც უვიზო მიმოსვლას მოაქვს.

ევროპული ინტეგრაცია საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის უალტერნატივო და შეუქცევადი პროცესია. ევროპელობა ჩვენი ეროვნული იდენტობის ნიშანი და ის ღირებულებაა, რომლისთვისაც მრავალი თაობა იბრძოდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, სწორედ ევროპული ინტეგრაცია იყო ქვეყნის განვითარებისა და რეფორმირების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა. საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ევროპული მისწრაფებების ნათელი შედეგია და ჩვენ ამ მიზნის ერთგული ვრჩებით.

ჩვენ განუხრელად ვაგრძელებთ ძლიერი ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას, - ეს გახლავთ ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტები და ღია მმართველობის სისტემა, პოლიტიკური პლურალიზმი, თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, მყარი საბაზრო ეკონომიკა და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო.

ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციიდან მიღებული სარგებელი. დღეს ეს შედეგები ყველასთვის თვალსაჩინოა.

ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის (DCFTA) განხორციელება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მისი წარმატებით განხორციელება სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების თვალსაზრისით. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს რეალური პოტენციალი, რომ მოიზიდოს ინვესტიციები, განავითაროს ეკონომიკა და იქცეს მნიშვნელოვან კვანძად, რაც, თავის მხრივ, რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

ევროკავშირი, როგორც ერთიანი ბაზარი, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - წინასწარი ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მაისში ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან 15.3 %-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო ექსპორტი გაიზარდა თითქმის 41%-ით. ევროპული სტანდარტების დანერგვის შედეგად, ქართული პროდუქტები ეტაპობრივად იმკვიდრებს ადგილს ევროპის ბაზარზე.

მეგობრებო,
გატარებული რეფორმების და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შედეგები კარგად არის ასახული საერთაშორისო რეიტინგებშიც. მოვიყვან რამდენიმე მაჩვენებელს:

• „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" 2016-2017 წლების „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში" საქართველო 66-ე ადგილიდან გადავიდა 59-ე ადგილზე 138 ქვეყანას შორის;
• „ბიზნესის კეთების სიმარტივის" 2017 წლის რეიტინგში 190 ქვეყანას შორის საქართველო მე-16 ადგილს იკავებს;
• „მსოფლიო ბანკის ჯგუფის" „გადასახადების გადახდის სიმარტივის" 2017 წლის ინდექსში საქართველო, 2016 წელთან შედარებით, 18 ადგილით დაწინაურდა და 22-ე ადგილს იკავებს;
• „Heritage Foundation"-ის 2017 წლის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში" საქართველო, 2016 წელთან შედარებით, 10 ადგილით დაწინაურდა და 180 ქვეყანას შორის 13-ე ადგილს იკავებს;
• „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს" 2017 წლის პრესის თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო 64-ე ადგილს იკავებს და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის'' ქვეყნებს შორის მედიის თავისუფლების ყველაზე მაღალი ხარისხი აქვს;
• ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის'' 2016 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსში" საქართველო 44-ე ადგილს იკავებს 176 ქვეყანას შორის, ხოლო რეგიონში - პირველ ადგილს.

ყოველივე ეს გვაძლევს სტიმულს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ და რაც შეიძლება სწრაფად წავწიოთ ქვეყანა წინ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს ბიზნესისა და მეწარმეობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას მოგების გადასახადის რეფორმირების გზით; განათლების სისტემის რეფორმირებას, რომელიც ორიენტირებულია ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი და პროფესიული განვითარების წახალისებაზე. გარდა ამისა, 4-პუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს ქვეყნის შიგნით კომუნიკაციების გაუმჯობესებას და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დამაკავშირებელი მაღალი დონის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს გააადვილებს შიდა მიმოსვლას, განავითარებს ადგილობრივ ბიზნესს და გაზრდის საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლის, სატრანზიტო პოტენციალს.

საქართველოს მდებარეობა კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის დამაკავშირებელ გზაჯვარედინზე მრავალმხრივ შესაძლებლობასთან ერთად, გამოწვევებსაც უყენებს ქვეყანას. განსაკუთრებით სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ენერგოუსაფრთხოება ევროატლანტიკური სივრცის წინაშე მდგარი საფრთხეების გათვალისწინებით. შავი ზღვის რეგიონს და სამხრეთ კავკასიას უდიდესი დატვირთვა აქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და ეფექტიანი გზა ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციისათვის სწორედ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე გადის.

საქართველოს, როგორც თავისუფალ, დემოკრატიულ და ღია სახელმწიფოს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია. საქართველო გახდა სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო და ენერგოდერეფანი. საქართველოზე გადის საგზაო და სარკინიგზო ქსელები, და, რაც მთავარია, მილსადენები, რომლებიც აკავშირებს კასპიის ნავთობისა და გაზის საბადოებს თურქეთსა და ევროპასთან. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ შავი ზღვის ნავსადგურების, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება, საქართველოს აქცევს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ კიდევ უფრო მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად.

საქართველო გააგრძელებს ყველა იმ პროექტის აქტიურ მხარდაჭერას, რომელიც დაკავშირებულია სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანთან და ხელს შეუწყობს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების შემდგომ გამტკიცებას, აზერბაიჯანის, ხოლო მომდევნო ეტაპზე ასევე თურქმენეთის რესურსების ევროპის მიმართულებით შესაძლო ტრანზიტის კუთხით.

ამასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება ისტორიული „აბრეშუმის გზის" განახლება. დარწმუნებული ვარ, აბრეშუმის გზის სარტყლის ქვეყნებთან თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ინდუსტრია და კომუნიკაციები, დადებით შედეგებს მოუტანს არა მარტო რეგიონს, არამედ მთელ ევროპას.

ძვირფასო მეგობრებო,
წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გველოდება და მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ ახალ შესაძლებლობებზე. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ჩვენი უმთავრესი საბოლოო მიზანია, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

ჩვენ მზად ვართ, მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ ევროკავშირთან შემდგომი საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ასოცირების შეთანხმების სრულად და ეფექტიანად განხორციელების გზით. ამავე დროს, ვმუშაობთ იმისათვის, რომ გავზარდოთ ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს ჩართულობა, გავაღრმაოთ სექტორული თანამშრომლობა და მივაღწიოთ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და საკომუნიკაციო ინტეგრაციის უფრო მაღალ დონეს ევროკავშირთან, ასევე გავაძლიეროთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობა.

ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიას და მზად ვართ, შევასრულოთ ამ სტრატეგიის ამოცანების შესაბამისი როლი რეგიონში.

აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო არის მშვიდობისა და სტაბილურობის პოლიტიკის არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორიც და 1999 წლიდან შეაქვს თავისი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში.

საქართველო გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ.

ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის თვალსაზრისით, საქართველომ წარმატებით დაასრულა მონაწილეობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიაში და ამჟამად მონაწილეობს ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში ცენტრალური აფრიკის და მალის რესპუბლიკებში.
სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე საუბრისას, მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველო არის და იქნება სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის.

ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და ასევე ამ ხედვის რეალობად ქცევის გეგმა. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ ინტეგრაციის მაქსიმალურ შესაძლო დონეს, რომლის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, როგორც ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში, ნდობის აღდგენასა და ვითარების ესკალაციის პრევენციაში და თქვენ იცით, რომ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. იცით, რომ ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ამ მხრივ დიდი დატვირთვა აქვს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარეობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ჩართულობის პროგრამებსა თუ სხვა სახის მხარდაჭერას.

სამწუხაროდ, ამ ძალისხმევის მიუხედავად, ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება კვლავ ძალიან რთულია. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ოკუპაციამ, ისევე, როგორც რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში და აღნიშნული რეგიონების მილიტარიზაციამ დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას. პერმანენტულ ხასიათს ატარებს საოკუპაციო ხაზის გამაგრება მავთულხლართებით, ხელოვნური ბარიერებითა თუ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნებით. ამასთან ერთად, მაქსიმალურად არის შეზღუდული თავისუფალი გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე, იხურება ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, კვლავაც გრძელდება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის საბაბით ადამიანების დაკავებისა და გატაცების ფაქტები. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევას და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას.

ამ ფონზე, ცხადია, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდირება, რათა რუსეთმა მკაფიო გზავნილი მიიღოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, მშვიდობიანი გზით მოწესრიგების აუცილებლობასთან დაკავშირებით.

უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა კიდევ უფრო ეფექტიანი, ხოლო სამშვიდობო პროცესი თანამიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული იყოს. ამ საქმეში, ტრადიციულად, გადამწყვეტი როლი ენიჭება ევროკავშირის პროაქტიულ ჩართულობას.

მინდა დღეს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მოგმართოთ ყველას და განსაკუთრებულად გავუსვა ხაზი, რომ ეს ჩვენთვის უმთავრესი, ნომერ პირველი საკითხია. ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ჩვენ ყველა მექანიზმს ავამუშავებთ, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, ყველა მშვიდობიან გზას მივმართავთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ საქართველოს ერთიანობას და გავათავისუფლოთ ჩვენი მომავალი თაობა ამ უმძიმესი მემკვიდრეობისგან.

დაბოლოს, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველო კვლავაც ურყევად გააგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის გზა, რომელიც ყველასგან, თითოეული ჩვენგანისგან - მთავრობისგან, პოლიტიკური ძალებისგან, საზოგადოებისაგან მოითხოვს დიდ ძალისხმევას და შემართებას. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, რადგან კარგად ვიცით, რომ ევროპული გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვენი ქვეყანის ღირსეულ მომავალს განაპირობებს.

კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ბათუმში ჩამობრძანებისთვის, გისურვებთ ნაყოფიერ კონფერენციას და ასევე, სასიამოვნო დასვენებას, რაც ბათუმში ნამდვილად შესაძლებელია.