საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-09

საქართველო მიესალმება ტურისტებს ყველა ქვეყნიდან, მათ შორის, რა თქმა უნდა, ინდოეთიდან, ჩვენ არაერთ ნაბიჯს ვდგამთ, რომ ტურისტების რიცხვი გაიზარდოს, ყველა ქვეყანაში არსებობს იმიგრაციის და ნატურალიზაციის სამსახურები, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იღებენ უარის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასეთი შემთხვევები ერთეულია და არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ ქვეყანაში, ასეთ უწყებებს არ აქვთ ვალდებულება, ისაუბრონ კონკრეტულ მიზეზებზე, რატომ ითქვა უარი ამა თუ იმ მოქალაქის შემოსვლაზე.
"საქართველო არის ძალიან ლიბერალური ამ მიმართულებით და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული ნაკადების მიმართულებით არსებული დადებითი დინამიკა, რომელიც გაგვაჩნია. ამისთვის ჩვენ არაერთ ნაბიჯს ვდგამთ. ჩვენ მივესალმებით ტურისტებს ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ევროპიდან, აშშ-დან, აზიიდან და ა.შ. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფო უწყებებს გააჩნიათ ძალიან მკაფიო დისკრეცია, დაიცვან ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ისინი ამას ახორციელებენ, როდესაც ამის საჭიროება დგება",- აღნიშნა პრემიერმა.