საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის გაგრძელებისთვის მზად არის ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-06

ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, კიდევ გავაგრძელოთ დიალოგი, რათა მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ნამდვილად იქნება ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ნების გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან გუშინდელ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს შეეხო.

პრემიერის თქმით, ჯანი ბუკიკიომ დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნის გამო კმაყოფილება გამოხატა.

„მოგეხსენებათ, ეს პროცესი საკმაოდ მაღალი ჩართულობით მიმდინარეობდა. წინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესისგან განსხვავებით, იყო ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო განხილვები, სადაც ყველა იყო ჩართული და ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, კიდევ გავაგრძელოთ დიალოგი, რათა მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ნამდვილად იქნება ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ნების გამოხატულება. ეს არის მნიშვნელოვანი. შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად არის მზადყოფნა პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსის მიმართულებით. ჩვენ ჩვენი მხრიდან გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯები, რომლებზეც დეტალურად აღარ ვისაუბრებ და მზად ვართ, კიდევ მოვნახოთ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება რაღაცეებზე დამატებით შეთანხმება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური