პრემიერ-მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-04

გულითადად ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ამერიკელ ხალხს 4 ივლისს - დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ასახული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებები სრულიად უნივერსალურია თავისუფლების მოყვარული ერებისათვის და მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც.

საქართველოსათვის ამერიკის შეერთებული შტატები უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ჩვენ საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაკავშირებს. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ს ურყევ მხარდაჭერასა და უმნიშვნელოვანეს წვლილს, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

წელს ჩვენ აღვნიშნავთ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გამყარდება სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაღრმავებას როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, რომელიც შედგა თეთრ სახლში ჩვენი პარტნიორობის 25 წლისთავისა და საქართველოს მიერ წარმატებით გატარებული რეფორმების აღსანიშნავად. ასევე ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთ დადასტურებად მივიჩნევთ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტს, რომელიც ამ ზაფხულს ეწვევა საქართველოს.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ მათ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი