საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-30

31 ივლისს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი შედგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მოსალოდნელი ვიზიტი თეთრის სახლის მიერ საქართველოსადმი გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად შეაფასა.

„მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შედგა შეხვედრა მაიკ პენსთან და ამ შეხვედრის დროს ბატონი ვიცე-პრეზიდენტი მე მოვიწვიე საქართველოში. ძალიან სასიხარულოა, რომ ასე მოკლე პერიოდში დღეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა - 31 ივლისსა და 1 აგვისტოს შედგება მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, არის აშშ-ის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება საქართველოს მიმართ. სასიხარულოა, რომ ახალი ადმინისტრაციის მოსვლის პირველივე დღიდანვე, ჩვენ მოვახერხეთ და დავამყარეთ ყველაზე მაღალი დონის კონტაქტები აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან. ძალიან გვიხარია, რომ ესტონეთთან და მონტენეგროსთან ერთად, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ვიზიტისთვის აირჩია საქართველო, როგორც უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების," - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური