საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერმა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზა გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-27

 

ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში სრულად შევიდა, - ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა.

გზის გახსნის ცერემონიაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესა და იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრ მოტომე ტაკისავასთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების - სივრცითი მოწყობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქუთაისი გახდება საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს დააკავშირებს.

"იმერეთი არის გული საქართველოსი. პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ - ჩქაროსნული მაგისტრალები; ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც ქუთაისს დააკავშირებს მესტიისა და თეთნულდის კურორტთან; მაგისტრალი, რომელიც ქუთაისს დააკავშირებს აბასთუმანსა და სამხრეთ საქართველოსთან; ქუთაისის აეროპორტის გაფართოების პროექტი,რომელიც ახლა იწყება; აღმოსავლეთ-დასავლეთის რკინიგზის სამგზავრო განშტოება, რომელიც პირდაპირ ქუთაისის აეროპორტის ჭიშკართან მივა; ქუთაისის ძალიან მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო კომპლექსი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას - ეს ყველაფერი ერთად და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ის უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ქუთაისს ბუნებრივად გააჩნია, გადააქცევს ამ ადგილს ჭეშმარიტ ცენტრად. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, ლოგისტიკური ცენტრი განვავითაროთ ქუთაისის აეროპორტთან და სულ ერთი საათის სავალზეა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს არა მხოლოდ ამ ადგილს, არამედ მთლიანად საქართველოს. ჩვენ მომსწრე ვართ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო განვითარების მონაკვეთისა", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხორციელდება უამრავი პროექტი, რაც არასოდეს ყოფილა და მომავალი წლის მეორე კვარტლიდან ერთდროულად კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება;საინვესტიციო და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით, კაპიტალური დანახარჯები გაორმაგდება, რაც პარტნიორების მონაწილეობით არის შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრმა იაპონიის მთავრობას და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს საქართველოს განვითარების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
"გზის ეს მონაკვეთი არის შემადგენელი ნაწილი იმ მნიშვნელოვანი გარდაქმნის პროცესისა, რომლის მონაწილეც ყველა ჩვენგანია. მხოლოდ საერთო ჩართულობით არის ეს წარმატება შესაძლებელი", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე ისაუბრა იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა. მოტომე ტაკისავამ აღნიშნა, რომ საქართველოს, როგო0რც სატრანზიტო ჰაბის მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ავტომაგისტრალი პოზიტიურ წვლილს შეიტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის რეგიონის განვითარებაში.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა, 9 პარალელური ხიდი, ორი სატრანსპორტო კვანძი, ოთხი საფეხმავლო ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელები და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები. პროექტის ღირებულება 71 მილიონი ლარი და 22 მილიონი ევროა და ის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური