საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მუსლიმანთა თემს იფთარზე უმასპინძლა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-23

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მოახლოებულ რამაზან ბაირამთან დაკავშირებით, საქართველოს მუსლიმანთა თემს იფთარზე უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა მათ რამაზანის თვე მიულოცა და კეთილდღეობა, სიკეთე და მშვიდობა უსურვა.

„ჩვენ დიდი ძმობა გვაკავშირებს და მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული სარწმუნოება გვაქვს, სწორედ ამ განსხვავებულობაშია ჩვენი ერთობის და ჩვენი ქვეყნის ძალა, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. თქვენი როლი ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველამ ვიცით ქართველი მუსლიმანების ისტორიული როლი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში, უამრავი პატრიოტი და სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანი შემოინახა ისტორიის ფურცლებმა. დღესაც, თითოეული ქართველი მუსლიმანი დგას სამშობლოს სადარაჯოზე და საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობის საქმეში. მე მეამაყება, რომ  ჩვენი ხელისუფლების პერიოდში დაიწყო მუსლიმანი თემის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა და თანადგომა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც  სახელმწიფოს ხელშეწყობით ხორციელდება - მათ შორის, მეოთხე წელია მიმდინარეობს მუსლიმანი თემისა და კიდევ რამდენიმე რელიგიური გაერთიანების, კომუნისტური რეჟიმის დროს მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით დაფინანსება; გრძელდება მეჩეთებისა და სხვა საკულტო ნაგებობების რეგისტრაცია, სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები; რამდენიმე საჯარისო ნაწილში გაიხსნა სამლოცველოები მუსლიმანი ჯარისკაცებისთვის.

„მინდა იცოდეთ, რომ სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას", - მიმართა პრემიერმა მუსლიმებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური